"გალფმა" სოლიდარობის ფონდთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი
9 დეკემბერი 2012

ნავთობკომპანია "გალფმა" სოლიდარობის ფონდთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი, რაც ფონდის ყოველთვიურ ფინანსურ დახმარებას გულისხმობს.

 

როგორც "ინტერპრესნიუსს" ნავთობკომპანია "გალფიდან" აცნობეს, "გალფის" მენეჯმენტისა და თანამშრომელთა ინიციატივით, მათი ყოველთვიური ხელფასიდან კონკრეტული თანხის მობილიზება მოხდება, რომელიც სოლიდარობის ფონდში გადაირიცხება.

 

"ფონდის მიზანია საზოგადოების, კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანამონაწილეობით, საქართველოში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ოჯახებისთვის ფინანსური რესურსების მობილიზაციის უზრუნველყოფა და პრიორიტეტულ სოციალურ საჭიროებებზე მიმართვა. საწყის ეტაპზე, ფონდი ორიენტირებულია ონკოლოგიური პაციენტების, უპირველესად კი ბავშვების ძვირადღირებული მკურნალობის ანაზღაურებაზე. აქციაში ჩართვა სრულიად ნებაყოფლობითია", - აცხადებენ ნავთობკომპანია "გალფში".

 

მათივე განმარტებით, ნავთობკომპანია "გალფს" კარგად აქვს გათავისებული სოციალური პასუხისმგებლობა საზოგადოების სოციალურად დაუცველი წევრების მიმართ და ცდილობს მხარში დაუდგეს მათ.

© სან პეტროლიუმ ჯორჯია