რატომ გვეძინება ავტომობილით მგზავრობისას - ახალი კვლევა

მანქანით მგზავრობისას ალბათ უმეტეს ჩვენგანს უგრძვნია, რომ ეძინება. თუმცა, ეს ფაქტი ყოველთვის დილით ადრე ადგომის, ხანგრძლივი დღის ან კოფეინის ნაკლებობის ბრალი როდია.



როგორც ახალი კვლევის შედეგად ირკვევა, არის ერთი დეტალი, რომელიც სინამდვილეში გვგვრის ძილს მანქანით მგზავრობისას.

კვლევის მიხედვით, დამნაშავეა მანქანის მოძრაობის შედეგად წარმოქმნილი ვიბრაციები, რომლებსაც ჩვენი ჩაძინება სულ რაღაც 15 წუთში შეუძლია.

მელბურნის სამეფო ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მკვლევართა განცხადებით, ეს ის დეტალია, რომელიც აუცილებლად უნა გაითვალისწინონ ავტომწარმოებლებმა და საგზაო უსაფრთხოების ექსპერტებმა. ისინი კვლევის გაგრძელებას აპირებენ, რათა გაარკვიონ, ზუსტად როგორ გვაძინებს მანქანის ვიბრაციები.

„ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ ავტომანქანის მოძრაობისას წარმოქმნილ  დაბალი სიხშირის პერიოდულ ვიბრაციებს შეუძლია ძილი მოჰგვაროს დასვენებულ, ჯანმრთელ ადამიანებსაც კი“, — აღნიშნავს მკვლევართა ჯგუფის წევრი სტივენ რობინსონი.

რობინსონმა და მისმა ჯგუფმა 15 მოხალისე ვირტუალურ სიმულატორში მოათავსა, რომლებიც მათ სხვადასხვა სიხშირეებზე არყევდნენ.  მოხალისეები ორჯერ შეამოწმეს, ერთხელ მაშინ, როცა ვიბრაციები არ იყო და მეორედ დაბალი სიხშირის, 4-7 Hz ვიბრაციებზე.

შემდეგ მკვლევრებმა შეამოწმეს მონაწილეთა გულის ცემის ცვალებადობის მაჩვენებელი ყოველი 60-წუთიანი სესიის განმავლობაში. გულის ცემის ცვალებადობის მაჩვენებელი ძილიანობის ინდიკატორია, რადგან აჩვენებს, დაღლილობასთან ერთად, როგორ უტევს სხეული ცენტრალურ ნერვულ სისტემას.

აღმოჩნდა, რომ 15 წუთის შემდეგ, კვლევის მონაწილეებს ძილი მოერიათ. საშუალო მაჩვენებლით, 30 წუთის შემდეგ ძილიანობა უკვე სერიოზული გახდა და ტესტის დასრულებამდე, მონაწილეებს ძილი სულ უფრო და უფრო ერეოდათ.

მკვლევართა თქმით, ამ ყველაფრის მიზეზი ის არის, რომ ტვინი სინქრონიზებას აკეთებს ვიბრაციებთან და შედის ძილის ადრეულ სტადიაში. სწორედ ამიტომ არის, რომ ხანგრძლივი მგზავრობის დროს, ხშირად მანქანის ყველა მგზავრს ეძინება.

თუმცა, კვლევას აქვს გარკვეული მინუსიც — მასში მხოლოდ 15 ადამიანი მონაწილეობა, ვიბრაციები კი მხოლოდ ვიწრო დიაპაზონის სიხშირეზე ხორციელდებოდა.

მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ გზებზე მომხდარი ყოველი ხუთი ფატალური შემთხვევიდან ერთის მიზეზი მძღოლის გადაღლილობაა, მნიშვნელოვანია, რომ ვიპოვოთ ჩაძინების გამომწვევი ზუსტი მიზეზი. კვლევის გაგრძელებას მეცნიერები უფრო დიდი ჯგუფის ჩართვით გეგმავენ, ვიბრაციათა უფრო ფართო დიაპაზონის სიხშირეებზე.

თუ საბოლოოდ გაირკვა, რომ მანანის ვიბრაციას ჩაძინებაზე თუნდაც სულ მცირე ეფექტი აქვს, შესაძლოა, გამოსავალი მარტივად მოინახოს, თუნდაც სავარძლის დიზაინის ცვლილებით.

„ჩვენი კვლევა გვთავაზობს იმასაც, რომ გარკვეულ სიხშირეზე განხორციელებულ ვიბრაციებს შესაძლოა, საპირისპირო ეფექტი ჰქონდეს და ხალხს სიფხიზლე შეუნარჩუნოს. შესაბამისად, ვგეგმავთ უფრო მასშტაბურ კვლევას, რათა დროულად ჩავაყენოთ საქმის კურსში დიზაინერები“, — ამბობს მკვლევარი  სტივენ რობინსონი.

 

© 2015 Sun Petroleum Georgia