ხუთი ჩვევა, რომელიც ბრწყინვალე მძღოლად გაქცევთ

თუ გსურთ უკეთესი მძღოლი გახდეთ, საჭიროა გაითვალისწინოთ მათი რჩევები, ვინც ეს საქმე რეალურად იცის.

რეალურად, არცთუ ისე ბევრ ჩვენგანს შეუძლია იმით ტრაბახი, რომ მანქანის მართვა ბრწყინვალედ იცის. მაგრამ არსებობენ ადამიანები, ვინც იციან, რა არის საჭირო საჭესთან უსაფრთხოებისთვის.

ისინი აცნობიერებენ, რომ ეს საქმე მხოლოდ საგზაო წესებისთვის დამორჩილება როდია. საქმე ეხება მთელს დამოკიდებულებას მანქანის მართვისადმი, იმის გაცნობიერებას, რომ მოქმედებთ ხალხმრავალ ადგილებში და ნებისმიერ დროს საჭიროა უსაფრთხოება და ყურადღება.

უპრიანი იქნებოდა, ყველა დანარჩენს რაღაც გვესწავლა მათი ქცევებიდან და გვეძებნა ჩვენი უნარების გაუმჯობესების გზები. წარმოგიდგენთ ხუთ ჩვევას, რომელიც დაგეხმარებათ ბრწყინვალე მძღოლად ჩამოყალიბებაში.

1.მათ იციან სიჩქარის ლიმიტი

პირველი და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც კარგი მძღოლის შესახებ შეიძლება ითქვას, არის ის, რომ იციან, რა სიჩქარით იარონ.



საგზაო ნიშნები ყოველთვის თვალნათელი არ არის და ბევრმა მძღოლმა საბაზისო წესები კარგად არ იცის. მაგალითად, სანამ საგზაო ნიშანი მიგითითებთ, ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რა სიჩქარით გადაადგილება შეგიძლიათ ქალაქში.

რა თქმა უნდა, შეზღუდვების შესახებ ბევრმა მძღოლმა იცის, მაგრამ ამჯობინებს მათ უგულებელყოფას. შედეგად, საფრთხე მართლაც ბევრია: ცოტა დრო გრჩებათ თქვენ წინ მომხდარ შემთხვევაზე რეაგირებისთვის, ნაკლებად აკონტროლებთ მანქანასაც.

„მოწინავე მძღოლთა ინსტიტუტის“ (IAM) აღმასრულებელი ოფიცრის, სარა სილარის განცხადებით, ავტომობილის ზედმეტად სწრაფად ტარება საფრთხის ქვეშ მხოლოდ თქვენ როდი გაგდებთ.

„ამ დროს ადამიანები საკუთარ და სხვათა სიცოცხლეს ეთამაშებიან“.

გამოსავალი მარტივია: თუ გსრუთ მინიმუმამდე შეამციროთ ინციდენტების შანსი, არ გადააჭარბოთ სიჩქარეს!

 

  1. ფოკუსირებას მთლიანად გზაზე ახდენენ

ჩვენ ვცხოვრობთ სწრაფი კომუნიკაციების სამყაროში. ყველა მხრიდან გვესმის მოკლე ტექსტური შეტყობინებების, სასწრაფო იმეილებისა თუ სატელეფონო ზარების ხმა. მიუხედავად იმისა, რომ საჭეს ვუზივართ, მაინც დიდია პასუხის გაცემის ცდუნება.

საგზაო ინციდენტთა პრევენციის სამეფო საზოგადოების ხელმძღვანელის, კევინ კლინტონის თქმით, საჭიროა ამ ცდუნებას გავუძლოთ.

„როგორც კვლევებმა აჩვენა, მანქანის მართვისას ნებისმიერი ტიპის მობილურის გამოყენება იწვევს ყურადღების გადატანას, უკიდურესად სახიფათოა და ზრდის ავტოავარიის შანსს“.

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ექსპერტთა რჩევა მარტივია:  თუკი საჭესთან ჯდომისას მობილური ტელეფონის გამოყენება მაინც გსურთ, ტელეფონი დაკავშირებული უნდა გქონდეთ დამატებით მოწყობილობასთან, რათა თავისუფალი გქონდეთ ორივე ხელი. მათი მკაცრი რჩევაა, ამ დროს არასოდეს, არასოდეს აკრიფოთ ან წაიკითხოთ მესიჯი ან იმეილი.

ორივე ხელი უნდა გეკიდოთ საჭეზე და უყურებდეთ გზას. გაერთიანებულ სამეფოში ავარიათა უმეტესობა სწორედ ამ ორი ფაქტორის დარღვევის შედეგად ხდება.

რა თქმა უნდა, ყურადღების გაფანტვას მხოლოდ მობილური ტელეფონები არ იწვევს. საუკეთესო მძღოლები ცდილობენ არ გამოიყენონ სტერეოსისტემა და თანამგზავრული ნავიგაცია. მათი მთელი ყურადღება მიმართულია მხოლოდ გზაზე.

 

  1. ისინი გზაზე რეგულარულად ისვენებენ

გამომდინარე იქიდან, რომ საგზაო ინციდენტთა გამომწვევი უმთავრესი ფაქტორი მძღოლის დაღლილობაა, უნდა ითქვას, რომ საუკეთესო მძღოლები გზაზე რეგულარულად ისვენებენ.

დიდ მანძილზე შეუსვენებლად გადაადგილება უკიდურესად სარისკოა. კვლევის მიხედვით, ყოველი ათი მძღოლიდან ერთს ამ დროს საჭესთან ეძინება.

ძილის ნეირომეცნიერის, პროფესორ ჯიმ ჰორნის თქმით, საფრთხე აშკარაა.

„ჩაძინებასთან დაკავშირებული ავარიები ორჯერ უფრო დიდი ალბათობით სრულდება სიკვდილით ან სერიოზული დაზიანებებით, რადგან ამ დროს, შეჯახების თავიდან ასაცილებლად ვერაფერს აკეთებთ“.

როგორ უნდა გაუმკლავდეს კარგი მძღოლი ამ რისკს? ექსპერტ ადამ ეშმოურის თქმით, პასუხი ცალსახაა:

„როდესაც შორ მანძილზე მიემგზავრებით, ყოველთვის გააკეთეთ შესვენებები და დანიშნულების ადგილამდე ჩასასვლელად გამოყავით დამატებითი დრო“.

თუ დაღლილობას გრძნობთ, გაააჩერეთ მანქანა, დალიეთ ფინჯანი ძლიერი ყავა ან ენერგეტიკული სასმელი, ანდაც 20 წუთით წათვლიმეთ.

 

  1. საჭესთან ნასვამი არ ჯდებიან

საჭესთან დაღლილი დაჯდომა მძღოლისთვის სახიფათო ჩვევაა. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი ჩვევა, რომლიც გაცილებით უფრო ხშირად სრულდება ავარიებით: მანქანის ტარება ალკოჰოლის ან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ.

ამ მიზეზით მსოფლიოში ყოველწლიურად უამრავი ადამიანი იღუპება. გარდა მძღოლებისა, ხშირად მსხვერპლნი არიან მგზავრები, სხვა მანქანებში მსხდომი ადამიანები, ქვეითები, მოტოციკლისტები და ა. შ.

გახსოვდეთ, არასოდეს გაეკაროთ არანაირ ალკოჰოლს ან ნარკოტიკს, როცა საჭესთან დაჯდომას აპირებთ. თუკი მაინც ასე მოიქცევით, გაიხსენეთ, რომ საფრთხეს უქმნით არა მხოლოდ საკუთარ, არამედ სხვა, სრულიად უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლეს.

  1. არ არიან თვითკმაყოფილნი

თუ ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს აკმაყოფილებთ, ალბათ დაგეუფლათ შეგრძნება, რომ საუკეთესო მძღოლი ხართ და თვითკმაყოფილებასაც განიცდით. ნათელია, რომ ერთ-ერთი ყველაზე უვნებელი, საიმედო მძღოლი ბრძანდებით.

მაგრამ სანამ ზედმეტი სიამაყე მოგეძალებათ, აუცილებლად მოგახსენებთ, რას აღნიშნავს გაერთიანებული სამეფოს სატრანსპორტო პოლიტიკისა და მძღოლების კვლევის ორგანიზაცია   RAC Foundation-ის ხელმძღვანელი, ფილიპ გომი.

„გზაზე უსაფრთხოების საკვანძო ფაქტორია, არ იყოთ საკუთარ თავში ზედმეტად დარწმუნებული. თითქმის არავის სჯერა, რომ ცუდი მძღოლია. მაგრამ ფაქტია, ჩვენ გარშემო მართლაც ზედმეტად ბევრი ავარია ხდება. საგზაო ინციდენტთა თითქმის სამი მეოთხედი გამოწვეულია მძღოლის შეცდომით“.

მთავარი პრობლემა თვითკმაყოფილებაა. ასეთ მძღოლებს შეცდომის დაშვების გაცილებით დიდი შანსი აქვთ, ვიდრე მათ, ვინც საფრთხისთვის ყოველთვის მზადყოფნაშია.

გარდა ამისა, კარგი მძღოლები ჭკვიანურად იყენებენ უსაფრთხოებისა და სიჩქარის შემზღუდავ სხვადასხვა ხელსაწყოებს.

კარგი მძღოლები ყველაფერს აკონტროლებენ, არ მიდიან არასაჭირო რისკებზე და კარგად ცნობენ გამაფრთხილებელ ნიშნებს.

რჩება მხოლოდ ერთი შეკითხვა, ხართ თუ არა ერთ-ერთი მათგანი?

© 2015 Sun Petroleum Georgia