100 კმ/სთ 3,2 წამში - გაუმჯობესებული Porsche 911 GT3 RS

Porsche-მ სუპერქარ 911 GT3 RS-ის განახლებული ვერსია წარმოადგინა - ყველაზე მძლავრი ძრავით სამოდელო რიგში. 100 კმ/სთ სიჩქარის განვითარებისთვის მას მხოლოდ 3,2 წამი სჭირდება. წინამორბედ მოდელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 0,1 წმ-ით არის გაუმჯობესებული. ახალი 911 GT3 RS-ის მაქსიმალური სიჩქარე 320 კმ/სთ-ია.

 

 

მძლავრი ძრავის გამოყენებასთან ერთად, აჩქარების და მაქსიმალური სიჩქარის მაღალ მაჩვენებლებს Porsche-ს კონსტრუქტორებმა ავტომობილის წონის შემცირების გზითაც მიაღწიეს. სტანდარტული კომპლექტაციის შემთხვევაში, ახალი 911 GT3 RS-ის კონსტრუქციაში ფართოდაა გამოყენებული ნახშირპლასტიკი (კარბონი) და სხვა კომპოზიტიური მასალები. კარბონისგან დამზადებულია კარების პანელები, წინა ფრთები, კაპოტი და სავარძლები.

 

 

წონის მეტად შემცირებისთვის Porsche მყიდველებს დამატებით პაკეტ Weissach-ს შესთავაზებს (-29 კგ), რომელიც კარბონისგან დამზადებულ ავტომობილის სახურავს და შასის კომპონენტებს და ასევე მაგნიუმის შენადნობისგან ჩამოსხმულ დისკებს მოიცავს. Weissach-ის შემთხვევაში ცარიელი Porsche 911 GT3 RS-ის წონა 1 430 კგ-ია.

 

ავტომობილი ოპოზიტური ტიპის 4,0 ლიტრი მოცულობის ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 520 ცხ.ძალა სიმძლავრეს გამოიმუშავებს. ძრავისთვის ჰაერის და საწვავის სისტემების დამუშავების და ასევე განახლებული პროგრამული უზრუნველყფის გამოყენებით, წინამორბედთან შედარებით ძრავას სიმძლავრე 20 ერთეულით გაიზარდა. განახლებული 911 GT3 RS-ის „გულს“ წუთში 9 000 ბრუნის შესრულება შეუძლია. მბრუნავ მომენტს თვლებს PDK-ს ტიპის შვიდსაფეხურიანი ავტომატური კოლოფი გადასცემს.

 

 

911 GT3 RS-ის სტანდარტული კომპლექტაცია სალონის უსაფრთხოების კარკასს და ექვსწერტილიან უსაფრთხოების ღვედებს ითვაისწინებს. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, გერმანიაში ახალი ავტომობილის გაყიდვა მიმდინარე წლის აპრილიდან დაიწყება. სასტარტო ღირებულება 195 137 ევრო იქნება.

© 2015 Sun Petroleum Georgia