განახლებული Peugeot 508 - რვასაფეხურიანი ავტომატური კოლოფით და ღამის ხედვის ფუნქციით

ფრანგულმა Peugeot-მა ახალი თაობის 508 მოდელი წარმოადგინა. ხუთკარიან ფასტბექად ქცეული ავტომობილი ახალ, შემსუბუქებულ შასიზე „გადასვეს“ და რვასაფეხურინი ავტომატური კოლოფით, აქტიური საკიდარით და ღამის ხედვის ფუნქციით აღჭურვეს.

 

 

ახალ 508-ში EMP2-ის ტიპის პლატფორმის გამოყენებამ, Peugeot-ს ავტომობილის წონის 70 კგ-ით შემცირების შესაძლებლობა მისცა. წინა მოდელთან შედარებით, განახლებულ ვერსიაში სიგრძე 80 მმ-ით (ამიერიდან 4750 მმ) და სიმაღლე 56 მმ-ით (ამიერიდან 1400) შემცირდა. სიგანე კი პირიქით 12 მმ-ით გაიზარდა და ამჟამად 1828 მმ-ს შეადგენს.

 

ავტომობილის შეძენის მსურველებს Peugeot-ი ძრავების ფართო არჩევანს სთავაზობს. ბენზინის ძრავების შემთხვევაში არჩევანის გაკეთება 1,6 ლიტრი მოცულობის ორ განსხვავებული სიმძლავრის ვარიანტს შორის შეიძლება  - 180 და 225 ცხ.ძალა. დიზელის მსურველთათვის არჩევანი უფრო ფართოა - 130, 160 და 180 ცხ.ძალა სიმძავრის 1,5 და 2,0 მოცულობის ძრავები. Peugeot-ი 508-ის ჰიბრიდულ ვარიანტზეც მუშაობს, რომლის პრეზენტაციაც მომავალ 2019 წელს არის დაგეგმილი.

 

 

ახალი თაობის Peugeot 508-ს რამდენიმე განსაკუთრებული სიახლე ექნება. მათ შორის -კარებები საკეტების გარეშე, Peugeot 504 და 504 Coupe-ს მსგავსად კაპოტზე განთავსებული ემბლემა, წინა შუქდიოდურ ფარებზე განთავსებული ვერტიკალური „ეშვი“, I-Cockpit-ის ტიპის არქიტექტურით შექმნილი სალონი, კომპაქტური საჭე და 10 დუიმიანი ცენტრალური სენსორული დისპლეი.

 

განსაკუთრებულ ინტერესს ავტომობილის სავარძლები იწვევენ, რომლებიც ხერხემლალთან დაკავშირებული პრობლემების მკურნალობის და პროფილაქტიკის გერმანული ასოციაცია Aktion Gesunder Rücken-ის ექსპერტების მიერ არის სერტიფიცირებული.  სპეციალური ჩიპები და დეტექტორები სავარძელს მეხსიერების ფუნქციას შესძენენ. მძღოლის ან მგზავრის იდენტიფიცირების შემდეგ, სავარძელში ჩამონტაჟებული ელექტრო და პნევმო მოწყობილობები სავარძლის ფორმას და პოზიციას კონკრეტულ ადამიანს მოარგებენ.

 

 

მოდელის აღჭურვილობის ჩამონათვალში - პანრამული სახურავი,  აუდიოსისტემა Focal-ი, ადაპტირებული კრუიზ-კონტროლი, საგზაო ნიშნების ამოცნობის და პარკირების ავტომატური სისტემები, წრიული ხედვის კამერები, ღამის ხედვის მოწყობილობა, რომელიც ხალხს და მსხვილ ცხოველებს 200-250 მ-ის დისტანციაზე დააფიქსირებს, და დამუხრუჭების აქტიური სისტემა შედის. განახლებული Peugeot 508-ის გაყდვა მიმდინარე წლის სექტემბრიდან დაიწყება.

© 2015 Sun Petroleum Georgia