ავტომობილების გათბობის სისტემები - ევოლუციის ისტორია

შექმნის დღიდან, ავტომობილის ყველა შემადგენელი ელემენტი განვითარების საკუთარ გზას გადის. ყოველ ჯერზე ინჟინრები და სპეციალისტები ხვეწავენ და აუმჯობესებენ არსებულ კონსტრუქციას და სისტემებს. გამონაკლის ამ მხრივ არც სალონის გათბობა წარმოადგენს. თავადაც დაგვეთანხმებით, რომ ცივ ზამთარში ამ მოწყობილობას ფრიად დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

 

სალონის გათბობის საკითხი გასული საუკუნის დასაწყისში ისეთივე აქტუალური იყო როგორც დღეს. თუმცა იმდროინდელი ავტომობილების კონსტრუქციული თავისებურებების გამო, გამათბობელი მოწყობილობის დაყენებას აზრი არ ჰქონდა. პლანეტის მასშტაბით წარმოდგენილი ავტომობილების ლომის წილი კაბრიოლეტი იყო. დახურულ მოდელებს კი კომფორტული და დათბილული სალონი ჰქონდათ.

 

 

1907 წელს ამერიკულ ჟურნალ Motor-ში დაბეჭდილი რეკლამა, ავტომფლობელებს სალონის გამათბობელ მოწყობილობას სთავაზობდა. იდეა შემდეგში მდგომარეობდა - მოწყობილობა გამოსაბოლქვი სისტემის მიერ გამთბარ ჰაერს სალონის გასათბობდად მოიხმარდა. ეფექტურობის და სიმარტივის მიუხედავად, სისტემას მინუსებიც ჰქონდა. ჰერმეტულობის დარღვევის შემთხვევაში ძრავიდან გამოსული დამწვარი აირები სალონში მოხვდებოდა. აგრეთვე შეუძლებელი იყო სალონის გათბობის ტემპერატურის რეგულირება დამწვარი აირების ტემპერატურის ხშირი ცვლილების გამო.

 

 

1925 წელი ავტომობილის ისტორიაში განსაკუთრებული თარიღია. პირველად, წარმოებული დახურულ ძარიანი ავტომობილების რიცხვმა კაბრიოლეტებსა და ფაეტონებს გადააჭარბა. ამიერიდან ავტომობილით გადაადგილება, განურჩევლად წელიწადის დროისა და ამინდისა უფრო კომფორტული და სასიამოვნო გახდა.

 

დახურულ ძარიან ავტომობილებზე მოთხოვნის ზრდამ, სპეციალისტებს სალონის გათბობის უფრო ეფექტური სისტემების შექმნისკენ უბიძგა. ამერიკული ავტოგიგანტი Ford-ი პროგრესს ფეხდაფეხ მიყვებოდა. 1929 წლიდან Ford Model A-ზე მყიდველის სურვილის შემთხვევაში, სალონის გამათბობელი მოწყობილობის დაყენება შეიძლებოდა.

 

 

კაპოტქვეშ მოთავსებული ვენტილატორი, ძრავაში დაჭირხვნასთან ერთად, ჰაერს „ფეჩის“ მილშიც უბერავდა. იქიდან კოლექტორში მოხვედრილი ჰაერი, გამოსაბოლქვი სისტემის მოქმედებისგან გათბობის შემდეგ, სალონში გადაედინებოდა. მარტივ სისტემას რეგულირების საშუალებაც ჰქონდა. სურვილისამებრს ცხელი ჰაერის ნაკადის მიმართვა საქარე მინაზე ან ფეხებზე შეიძლებოდა. 1933 წლის მოდელზე  Ford V8 სისტემა კიდევ უფრო დახვეწეს. რა თქმა უნდა 1930-იან წლებში ავტომობილში ყველაფრის მართვა და კონტროლი,  ბერკეტებით და სახელურებით ხდებოდა. სალონის გათბობის სისტემის შემთხვევაში, ტემპერატურას თერმოსტატი არეგულირებდა.

 

1946 წელს სალონის გათბობის სისტემა Buick-ის ავტომობილებზეც გამოჩნდა. მასთან შედარებით Cadillac-ი უფრო შორს წავიდა, რომელმაც იმავე წელს სალონის გათბობის ინოვაციური სისტემა წარმოადგინდა. მისი მეშვეობით როგორც სალონის სივრცის, ასევე ცალკე წინა სავარძლების გათბობა შეიძლებოდა.

 

 

1950 წლიდან General Motors-ის ყველა ავტომობილზე, სალონის გათბობის და ვენტილაციის სისტემა სტანდარტული კომპლექტაციის ნაწილად იქცა. 1968 წელს გამოსული კანონი აშშ-ში სალონის გთბობა-ვენტილაციის სისტემის გარეშე სერიული სამოქალაქო ავტომობილის წარმოებას კრძალავდა.

 

ოკეანის გადმოღმა ვითარება ამ კუთხით შედარებით ნაკლებად პროგრესული იყო. სსრკ-ში მსუბუქ Москвич-400-ებს და პირველი გამოშვების სატვირთო ГАЗ-51-ებს „ფეჩები“ საერთოდ არ ჰქონდათ. საბჭოთა ავტომობილებზე სალონის გათბობის სისტემა პირველად მხოლოდ მეორე სერიის ГАЗ-М-20 Победа-ებზე (წარმოება 1948 წლიდან) გამოჩნდა.

© 2015 Sun Petroleum Georgia