ბრიტანულმა ავტომწარმოებელ Jaguar-მა D-Type-ის ტიპის სპორტული ავტომობილის წარმოების განახლების შესახებ განცხადება გააკეთა. აღნიშნული მოდელი ზედიზედ სამჯერ - 1955, 1956 და 1957 წლებში ლე მანის 24 საათიანი რბოლის ფინალისტი გახდა. მაღალი აეროდინამიკური მახასიათებლების წყალობით, 1957 წლის რბოლაში ავტომობილმა ნამდვილი ტრიუმფი მოახდინა. საპრიზოებთან ერთად, მოდელმა მეოთხე და მეექვსე ადგილებიც დაიკავა.
უკანასკნელი D-Type-ი 1956 წელს ააწყვეს. თავდაპირველად არსებული გეგმა 100 ერთეულის დამზადებას ითვალისწინებდა. თუმცა შემდგომ ეს ციფრი 54-მდე შემცირდა. მათგან ხუთი 1957 წლის 12 თებერვალს ავტოქარხანაში მომხდარმა ძლიერმა ხანძარმა შეიწირა. დამატებითად 16 ერთეული ინდექსით XKSS-ი სპეციალურად ამერიკული ბაზრისთვის დამზადდა. სარბოლო ვარიანტისგან განსხვავებით, ამ მოდელს ორი ადგილი, გვერდითა კარებები, დიდი საქარე მინა და ჩვეულებრივი, არაფორსირებული ძრავა ჰქონდა.
D-Type-ს არქივებში შენახულ ორიგინალურ ტექნიკურ დოკუმენტაციასთან სრული შესაბამისობით ააწყობენ. პირველი 25 ერთეული ლე მანზე 1955 წელს გამოჩენილი მოდელების სრული ანალოგი იქნება. ამ ეტაპზე განახლებული D-Type-ების ღირებულება არ ხმაურდება.
1950-იან წლებში შემუშავეული მოდელი 6 ცილინდრიანი ძრავით კომპლექტდებოდა, რომლის მოცულობაც სარბოლო ავტომობილებისადმი წაყენებული მოთხოვნების გათვალისწინებით იცვლებოდა. პირვანდელი ციფრი - 3,4 ლიტრი ჯერ 3,8-მდე გაზარდეს, შემდეგ კი ლე მანის 24 საათიანი რბოლის ახალი რეგლამენტის გამო 3-მდე შეამცირეს.
საგულისხმოა, რომ ბოლო დროს დიდი ბრიტანეთში კლასიკური და სარბოლო ავტომობილების წარმოების აღდგენის ტენდენცია მკვიდრდება. გასული წლის დეკემბრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ სპორტული DB4 GT-ის წარმოების განახლებას Aston Martin-ი აპირებს. მთლიანობაში 25 ახალი ავტომობილი იქნება გამოშვებული. ყველა ეგზემპლიარი ხელით იქნება აწყობილი და მხოლოდ სპორტულ ტრეკებზე გამოყენებისთვის იქნება სერტიფიცირებული.
ორიგინალურ DB4 GT-ს Aston Martin-ი 1959-1963 წლებში აწარმოებდა. მაშინ კონვეიერი 75–მა ავტომობილმა დატოვა, საიდანაც 8 შემსუბუქებულ - Lightweight მოდიფიკაციაში იყო დამზადებული. სპორტული კუპეს დებიუტი 1959 წელს სილვერსტოუნში გამართულ რბოლაში შედგა სადაც ავტომობილმა, რომელსაც სტირლინგ მოსი მართავდა, პირველი ადგილი დაიკავა.
ახალ სპორთქარს მწკრივულად განლაგებული ექვსცილინდრიანი ძრავა ექნება, რომელიც 340 ცხ.ძალა სიმძლავრეს გამოიმუშავებს. ავტომობილს ოთხსაფეხურიანი სიჩქარეთა გადაცემის მექანიკური კოლოფით, გაზრდილი ხახუნის უკანა დიფერენციალით და FIA-ს მიხედვით სერთიფიცირებული უსაფრთხოების კარკასით იქნება აღჭურვილი.
დღემდე გასულ საუკუნეში წარმოებული ავტომობილებიდან მხოლოდ შვიდმა DB4 GT-მა მოაღწია. ყოველი მათგანის ღირებულება 3 მლნ გირვანქა სტერლინგს აღწევს, რაც დაახლოებით 3,8 მლნ ევროს ექვივალენტურია. სპორთქარის თანამედროვე ვარიანტი მისი შეძენის მსურველს საშუალოდ 1,5 მლნ გირვანქა სტერლინგი (1,9 მლნ ევრო) დაუჯდება.
DB4 GT-ს შეძენის შემდეგ, მფლობელი სპეციალურ ორწლიან სარბოლო პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა მიიღებს. სამწუხაროდ, არსებული წესების მიხედვით, მფლობელს ავტომობილის გამოყენება მხოლოდ სარბოლო ტრეკის ფარგლებში შეეძლება.