ლონდონელი ტაქსისტები ახალ ჰიბრიდებს მიიღებენ

ბრიტანული კომპანია LEVC-ი, რომელიც მსოფლიოში ცნობილი ლონდონური შავი ტაქსების წარმოებითაა დაკავებული, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქს ახალ ავტომობილებს სთავაზობს. საუბარია TX-ის ტიპის ჰიბრიდ ტაქსებზე, რომლებიც უახლოეს მომავალში ლონდონის ქუჩებს აითვისებენ. პირველმა ავტომობილმა, სატესტო რეჟიმში მუშაობა უკვე დაიწყო. LEVC-ის წარმომადგენლების განმარტებით, ქალაქის ხელმძღვანელობისგან მათ უკვე მიღებული აქვთ შეკვეთა 200 ავტომობილზე.

 

 

ახალი LEVC TX-ი კლასიკური ლონდონური ქებების დიზაინს პრაქტიკულად ერთი-ერთზე იმეორებს. თუმცა მსგავსება ექსტერიერის ელემენტებზე სრულდება. შიგნიდან ავტომობილმა განახლებული დიზაინის სალონი მიიღო. TX-ს ალუმინისგან დამზადებული ძარა და ჰიბრიდული ძალური დანადგარი აქვს. ეს უკანასკნელი 1,3 ლ მოცულობის ბენზინის ძრავისგან (ის გენერატორის მეშვეობით აკუმულატორებს მუხტავს) და ელექტროძრავისგან შედგება.

 

 

2018 წლის 1 იანვარს ამოქმედებული კანონის თანახმად, ამიერიდან ლონდონის ქუჩებში მოძრავ ახალ ტაქსებს ჰიბრიდული ძალური დანადგარი უნდა ჰქონდეთ. ელექტროძრავა მათ 48 კმ-ის გავლის საშუალებას უნდა აძლევდეს. LEVC TX-ის შემთხვევაში, ავტომობილი ელექტროენერგიის გამოყენებით 112 კმ-ს გადის, ბენზინის გამოყენების შემთხვევაში კი ეს მანძილი 640 კმ-მდე იზრდება.

 

 

მწარმოებლის განცხადებით TX-ის საექსპლუატაციო ხარჯები წინამორბედ მოდელებთან შედარებით 3-ჯერ ნაკლები იქნება. დამატებითი სიმძლავრეების ამოზმედების შემდეგ, LEVC-ი წარმადობის გაზრდას წელიწადში 36 000 ავტომობილამდე გეგმავს.

© 2015 Sun Petroleum Georgia