Lexus-ი უმაღლესი კლასის იახტების წარმოებას იწყებს

Lexus-ი აპირებს ბედი მანქანების სამყაროს მიღმაც მოსინჯოს. კომპანია მზადაა უმაღლესი კლასის იახტის, LY 650-ის გამოსაშვებად.


როგორც პრესრელიზიდან და მცირე ვიდეოდან ირკვევა, იახტას ააგებს, გაყიდის და მოემსახურება აშშ-ში, ვისკონსინის შტატში ბაზირებული კომპანია Marquis Yachts. Lexus-ის განცხადებით, LY 650-ზე მუშაობა იქიდან გაგრძელდება, სადაც 2017 წელს სპორტული იახტის კონცეპტი (Sport Yacht Concept) შეჩერდა.

 


იახტის რამდენიმე რენდერი Lexus-მა შარშან გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ მას გარკვეული მსგავსებები ექნება Sport Yacht Concept-თან. თუმცა, LY 650 იქნება მნიშვნელოვნად მოზრდილი — სიგრძეში 19,8 მ ნაცვლად კონცეპტის 12,8 მეტრისა.


LY 650 გამოიყენებს 800 HP IPS ძრავის წყვილს, საწვავის ტევადობა 3785 ლიტრი ექნება, წყლის კი 852 ლიტრი.

 


Lexus-ი არ აკონკრეტებს, როდის დაიწყება იახტის წარმოება, რამდენი ეგზემპლარი გამოვა ან რა იქნება ღირებულება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ პირველი ეგზემპლარის დებიუტი 2019 წლის მეორე ნახევარში შედგება.


იაპონური ავტომწარმოებელი ერთადერთი კომპანია არაა, რომელიც მდიდრული იახტების სეგმენტში შედის. 2017 წლის დასაწყისში, Porsche Design-მა წარმოადგინა თავის სუპერიახტა Dynamiq GTT 115, რომლის ფასიც 13,2$ მილიონია. ეს იახტა Lexus LY 650-ზე მნიშვნელოვნად დიდია და ალბათ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ფასებშიც მსგავსი ვითარება იქნება.

 

© 2015 Sun Petroleum Georgia