ახალი Mercedes-AMG GT–ი 860 ძალიანი ძრავით

ცნობილმა გერმანულმა ტიუნინგ სალონმა IMSA Mercedes-AMG GT S–ს ბაზაზე სუპერქარის საკუთარი ვარიანტი წარმოადგინა, რომელსაც RXR One Super Gran Turismo უწოდა. ახალი ავტომობილი 860 ცხ.ძალის სიმძლავრის ძრავით და ნახშირბოჭკოსგან დამზადებული ორიგინალური ძარით გამოირჩევა. IMSA-ის წარმომადგენლების განმარტებით, ავტომობილს შეზღუდული რაოდენობით გამოუშვებენ, თუმცა ტირაჟის ზუსტი რაოდენობა ამ ეტაპზე არ სახელდება.

 

 

RXR One-ის კაპოტის ქვეშ AGM GT S-სგან აღებული 4,0 ლიტრი მოცულობის 8 ცილინდრიანი ძრავა იმალება, რომელსაც ჭედვით დამზადებული დგუშები, მოდიფიცირებული ტურბოკომპრესორი და ახალი ინტერქულერი აქვს. ჩატარებული გაუმჯობესების შედეგად, ძრავას სიმძლავრე საბაზო 522–დან 860 ძალამდე გაიზარდა. ახალი მოდელის დინამიური მახასიათებლები არ გახმაურებულა.

 

სუპერქარს უსაფრთხოების კარკასი, კარბონ-კერამიკული მუხრუჭები და გაუმჯობესებული რობოტიზირებული ტრანსმისია აქვს. ნახშირბოჭკოსგან დამზადებული კაპოტის, სახურავის, წინა ფრთხები, საბარგულის სახურავის და უკანა სპოილერის წყალობით საბაზო მოდელთან შედარებით ახალი RXR One-ის წონა 300 კგ-ით შემცირდა. ჩატარებული სამოდერნიზაციო სამუშაოების შედეგად IMSA-ს სპეციალისტემა წარმოდგენილი მოდელის კუთრი სიმძლავრე 663 ცხ.ძ/ტონა-მდე გაზარდეს. ანალოგიური მაჩვენებელი აქვს Bugatti Veyron Super Sport-ს.

 

 

RXR One-ს ჭედვით დამზადებული ბორბლების  20 დუიმიანი დისკები აქვს. ავტომობილზე გამოყენებული საბურავების სიგანე განსხვავებულია - 305 მმ-ი წინ და 315 მმ-ი უკან.

© 2015 Sun Petroleum Georgia