Fiat Chrysler Automobiles-ი საფრანგეთის მთავრობას Renault-სთან შერწყმის ახალ გეგმას სთავაზობს

Fiat Chrysler Automobiles-ის განცხადებით, საფრანგეთის მთავრობის დასარწმუნებლად, მიმდინარეობს მუშაობა Renault-სთან შერწყმის განახლებულ გეგმაზე.


როგორც ინფორმირებულმა წყაროებმა Reuters-ს განუცხადეს, იტალიურ-ამერიკული საავტომობილო ჯგუფი Renault-ს სპეციალურ დივიდენდად განიხილავს და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის გარანტიასაც იძლევა.

 

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ თუ Renault შერწყმას დათანხმდება, სათავო ოფისი საფრანგეთში განთავსდება და საფრანგეთის სახელმწიფოს ბორდში ერთი ადგილი გარანტირებული ექნება.

 


შესწორებული შეთავაზება ასევე ზრდის გარანტიებს საფრანგეთში Renault-ს ხელით მშრომელთა სამუშაო ადგილების შენარჩუნების თაობაზე. გარდა ამისა, პირველი ორი წლის განმავლობაში შენარჩუნდება სამრწეველო ობიექტებიც.


საფრანგეთის მთავრობის დარწმუნება Fiat Chrysler Automobiles-ისთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან 15,1 პროცენტიანი წილით, საფრანგეთის სახელმწიფო Renault-ს წილების უმსხვილესი მფლობელია; სახელმწიფოს ორი ადგილი აქვს კომპანიის ბორდშიც. კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს სამივე მხარე.


კომპანია Fiat Chrysler Automobiles-მა შერწყმის გეგმა Renault-ს ოფიციალურად ერთი კვირის წინ წარუდგინა. გეგმის მიხედვით, ორივე კომპანია უნდა იყიდოს ნიდერლანდურმა ჰოლდინგმა, რომლის აქციებიც თანაბრად გაიყოფა FCA-სა და Renault-ს წილების ამჟამინდელ მფლობელებს შორის. გარდა ამისა, ახალ საავტომობილო ჯგუფში 7,5 პროცენტიანი წილი ექნება Nissan-ს.


თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ახალი კომპანიის სათავო ოფისი ნეიტრალურ ქალაქში უნდა განთავსებულიყო, მაგალითად, ლონდონში. თუმცა, საფრანგეთის ხელისუფლების მოთხოვნით, ოფისი პარიზის აგლომერაციაში უნდა განთავსდეს.

© 2015 Sun Petroleum Georgia