Volkswagen-ი ყოველ 41 წამში ახალ Golf-ს ყიდის - მოდელი 45 წლისაა

Volkswagen Group-ი Golf-ის წარმოების დაწყების 45-ე წლისთავს აღნიშნავს. ამ დროის განმავლობაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაყიდულია 35 მილიონი Golf-ი და ეს მოდელი წარმოადგენს კომპანიის ყველაზე გაყიდვად მანქანას.


1974 წლის 29 მარტს, გერმანიის ქალაქ ვოლფსბურგში, Volkswagen Group-ის ქარხანაში Golf MK1-ის სერიული წარმოება დაიწყო. კომპანიის მიზანი სახელგანთქმული Beetle-ის ჩანაცვლება იყო. ამავე წლის 8 ივლისს, VW-ის დილერებთან პირველი გოლფი გამოჩნდა. მოდელი სულ მალე იქცა მომხმარებელთა შორის ნამდვილ ჰიტად; ორი წლის შემდეგ, 1976 წლის ოქტომბერში, ავტომწარმოებელმა მემილიონე ეგზემპლარი გაყიდა.

 


Volkswagen Group-ის განცხადებით, ამ 45 წლის განმავლობაში, ყოველდღე, შეუჩერებლად, ყოველ 41 წამში ვიღაც ახალ Golf-ს ყიდულობს.


„Golf-ი ჩვენი ბრენდის ნამდვილი გულია. გამოირჩევა პროგრესითა და ტექნოლოგიით, რომელსაც ვერც ერთ სხვა მანქანაში ვერ ნახავთ. მაგალითად, პირველად სწორედ Golf-მა შექმნა უსაფრთხოების ტექნოლოგია, რომელიც მილიონობით ადამიანისთვის გახდა ხელმისაწვდომი. ამის წყალობით, მან სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო მთლიან თაობაში“, — ამბობს Volkswagen Group-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი რალფ ბრანდშტატერი.


მისივე თქმით, Golf-ის შვიდმა თაობამ უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა Volkswagen-ის, როგორც ბრენდისა და ჯგუფის განვითარებაში.

 


თავდაპირველი Golf-ი საზოგადოების წინაშე ორ-და ოთხკარიანი ვარიანტებით წარსდგა. იტევდა ხუთ მგზავრს და ჰქონდა დასაკეცი უკანა სავარძელი. ხელმისაწვდომი იყო ძრავის ორი ვერსია: საბაზისო — 1.1-ლიტრიანი, ოთხცილინდრიანი 49 ცხენის ძალით და 1.5-ლიტრიანი, ოთხცილინდრიანი ვერსია 69 ცხენის ძალით. სტანდარტი იყო ოთხსიჩქარიანი მექანიკური და სამსიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფები.


2019 წელს Volkswagen Group-ი მერვე თაობის Golf-ის გამოშვებას გეგმავს, რომელიც უკვე შენიშნეს საზოგადოებრივ გზებზე, თანაც მინიმალურად შენიღბული. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ახალი Golf-ის დებიუტი სექტემბერში, სპეციალურ ღონისძიებაზე შედგება, ფრანკფურტის მოტორშოუდან რამდენიმე კვირის შემდეგ. სავარაუდოდ, მას სრულიად ახალი, ციფრული კოკპიტი და ნახევრად ავტომატური მართვის სისტემები ექნება.

 

 

© 2015 Sun Petroleum Georgia