ავსტრალიაში ორმა მოზარდმა ავტოსალონში გასაყიდად გამოტანილი 37 ახალი Toyota დააზიანა

ავსტრალიის ქალაქ პერთში, ორმა მოზარდმა ავტოსალონში გასაყიდად გამოტანილი 37 ახალი მანქანა დააზიანა.


სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებულ მასალაში ჩანს, როგორ გაშმაგებით ხტუნაობენ 10-13 წლის ბიჭები მანქანების ავტოსალონის ეზოში გაჩერებულ Toyota-ს მარკის ავტომობილებზე. მოზარდები საქარე მინებზე ხტუნაობენ და ფანჯრებს ბეტონის ბლოკებით ამსხვრევენ.


ტელეკომპანია 7 News-ის ცნობით, ბიჭებმა 17 მარტს სულ 23 ავტომობილი დააზიანეს. ისინი ამით არ დაკმაყოფილდნენ და იმავე საღამოს, ინციდენტის ადგილზე დარჩენილი ტანსაცმლის წასაღებად დაბრუნდნენ, რა დროსაც კიდევ 14 მანქანა დააზიანეს.

 


Toyota-ს დილერის განცხადებით, მიყენებულმა ზარალმა 100 000$-ს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ ზარალს სადაზღვევო კომპანია აანაზღაურებს, იაპონური ავტომწარმოებლის განცხადებით, ყველა მანქანის შეკეთებას დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება.


მოზარდების ასაკიდან გამომდინარე, მათი ვინაობა საჯაროდ არ სახელდება, თუმცა დასტურდება, რომ ადგილობრივმა პოლიციამ ორივე მათგანის იდენტიფიცირება შეძლო.


ორივე მოზარდი ამჟამად დაკავებულია, წაყენებული აქვთ ბრალი და უახლოეს დღეებში სასამართლოს წინაშეც წარდგებიან.

 

© 2015 Sun Petroleum Georgia