Daimler-ი და BMW თვითმართვად ავტომობილებს ერთობლივად გამოუშვებენ

საერთო გამოწვევები ხშირად კონკურენტებსაც კი პარტნიორად გადააქცევს. სწორედ ეს ხდება Daimler-ისა და BMW-ს შემთხვევაშიც. განვითარებისთვის გამოყოფილი დაბალი თანხებისა და საინჟინრო ხარჯების გაზიარების მიზნით, ორი კომპანია შეთანხმდა, რომ შემდეგი თაობის თვითმართვადი ავტომობილები ერთობლივად გამოუშვან.


გამოცემა Autonews Europe-ის ცნობით, ამ ეტაპზე, ორი გერმანული გიგანტი ავტომწარმოებელი ამ სექტორის სამრეწველო სტანდარტის შემოღების გზებს ეძებს. ეს კი თავის მხრივ ხელს უწყობს მარეგულირებელთა წახალისებას, რათა უფრო დააზუსტონ ტექნოლოგიური სტანდარტები და შემოიღონ წესები.


„სიტუაცია კვერცხისა და ქათმის მსგავსია. ტექნოლოგიების სტანდარტს ვიღაც ახდენს, რასაც შემდეგ რეგულაციები მიჰყვება. ნამდვილი ტექნოლოგიური წინსვლა მაშინ ხდება, როცა სტანდარტებს უკვე ავტომობილის ორ თაობაში შემოიღებ და არა ოთხში. რესურსების ფლანგვა ნამდვილად არ გვსურს“, — აღნიშნავს BMW-ს განვითარების საბჭოს წევრი კლაუს ფროელიხი.

 


ამავე დროს, Daimler-ის საბჭოს წევრი ოლა კელენიუსი აცხადებს, რომ მისი კომპანია და BMW ერთობლივად შექმნიან შემდგომი თაობის მძღოლის დამხმარე სისტემებს კომპაქტური და დიდი მანქანებისათვის. იგი ასევე აღნიშნავს, რომ ისინი ველოსიპედის ორჯერ გამოგონებას არ აპირებენ და სტანდარტების შემოღების კვალდაკვალ, ინვესტიციებსაც გაიზიარებენ.


„Daimler-მა თვითმართვად ავტომობილებზე მუშაობა საკმაოდ ადრე დაიწყო. მათ სერიოზული ინვესტიცია ჩადეს კომპიუტერული ხედვის სფეროში, სადაც თანამშრომლობა დიდ სარგებელს მოგვიტანს“, — ამბობს BMW-ს განვითარების საბჭოს წევრი კლაუს ფროელიხი და მათთან შეერთებისკენ Fiat Chrysler-საც მოუწოდებს.


Fiat Chrysler-ი ამ ეტაპზე უკვე არის BMW პარტნიორი, მაგრამ გერმანულ ავტომწარმოებელს ამ პარტნიორობის უფრო გაღრმავება სურს.

 

© 2015 Sun Petroleum Georgia