Toyota იაპონიის კოსმოსურ სააგენტოსთან ერთად მთვარეზე მისიას გეგმავს. იაპონური საავტომობილო გიგანტის გეგმებში შედის მთვარის მავალის შექმნაც. ამის შესახებ ოფიციალური პირები იუწყებიან.
ეს იქნება ავტომწარმოებლის პირველი სრულმასშტაბიანი შესვლა კოსმოსის კვლევის სფეროში. შეგახსენებთ, რომ Toyota ასევე მონაწილეობდა პატარა რობოტის შექმნაში, რომელიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაგზავნეს.
„მთვარის მისიებში Toyota-სთან თანამშრომლობას ვგეგმავთ“, — განაცხადა იაპონიის კოსმოსური სააგენტოს (JAXA) პრესსპიკერმა.
გამოცემა AFP-ის ცნობით, Toyota და JAXA დეტალების შესახებ შემდეგ კვირაში, სიმპოზიუმზე ისაუბრებენ, რომელიც ტოკიოში გაიმართება.
Toyota ასევე ადასტურებს, რომ JAXA-სთან ერთობლივ პროექტს გეგმავს მობილურობისა და კოსმოსური ზონდების სეგმენტში. დამატებით დეტალებს ავტომწარმოებელი არ აკონტროლებს.
იაპონური სააგენტო Jiji-ს ცნობით, საავტომობილი გიგანტი მონაწილეობას მიიღებს „მობილობის მეთოდის“ შექმნაში, რომელსაც მისია მთვარის ზედაპირზე გამოიყენებს.
იაპონიის მისია თანხვედრაში მოდის მთვარისადმი ბოლო დროს მთელ მსოფლიოში გაზრდილ ინტერესთან. მთვარეს ხშირად დედამიწის „მერვე კონტინენტსაც“ კი უწოდებენ. მის ზედაპირზე ფეხი პირველად ამერიკელმა ასტრონავტებმა დააბიჯეს 50 წლის წინ.
სანამ ადამიანები მთვარეზე კვლავ დაბრუნდებიან, 2024 წლისთვის NASA დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე უპილოტო მავალის დასმას გეგმავს.
ამ დრომდე, მთვარეზე ხომალდი დასმული ჰყავთ მხოლოდ აშშ-ს, რუსეთსა და ჩინეთს. ამ უკანასკნელმა მავალი გასულ თვეში, მთვარის ბნელ მხარეს დასვა.
დაახლოებით ერთი კვირის წინ, მთვარისკენ ხომალდი გაუშვა ისრაელმაც, რომელიც ზედაპირზე 11 აპრილს უნდა დაჯდეს.
2017 წელს იაპონიამ განაცხადა, რომ 2030-იან წლებში მთვარეზე ასტრონავტებს გაგზავნის.