კანადის ხელისუფლების განცხადებით, ერთ-ერთი მექსიკური ნარკოკარტელი ახალი მანქანების სათადარიგო საბურავებში მეტამფეტამინის შეკვრებს ათავსებდა და მატარებლით კანადაში გზავნიდა.
Global News-ის ცნობით, ონტარიოს პროვინციის პოლიციამ ნარკოტიკების კონტრაბანდის სქემა მას შემდეგ გაშიფრა, რაც Ford-ის სადილერო კომპანიის თანამშრომლებმა Ford Fusion-ის ახლად მიღებული მოდელების სათადარიგო საბურავებში საეჭვო ტომრები აღმოაჩინეს. ყველა ავტომობილი მექსიკაში, ქალაქ ერმოსილიოში მდებარე Ford-ის ქარხანაში იყო აწყობილი.
„სინალოას მძლავრი ნარკოკარტელი მექსიკის ამ ზონაში კარგადაა დამკვიდრებული. დარწმუნებული ვართ, რომ ამ ნარკოტიკებზე პასუხისმგებლობა სწორედ მათ ეკისრებათ“, — განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა ბრაიან მაკკილოპმა.
გამოძიებაში ჩართული იყო კანადის საზღვრის დაცვის სააგენტო, ნიუ-ბრანსვიკის პოლიცია, კვებეკის პროვინციის პოლიცია და Ford-ი. როგორც გაირკვა, ონტარიოში გაგზავნილი 14 ავტომობილიდან მეტამფეტამინი 9-ში იყო მოთავსებული.
აღმოჩენილი მეტამფეტამინის საერთო წონა დაახლოებით 180 კილოგრამს უდრიდა, ღირებულება კი 4,5 მილიონ აშშ დოლარს.
პოლიცია ნარკოტიკების ძებნას კანადაში ბოლო დროს შესულ Ford Fusion-ის მოდელის სხვა ავტომობილებშიც განაგრძობს.
სინალოას კარტელს ერთ დროს ხელმძღვანელობდა ხოაკინ „ელ ჩაპო“ გუსმანი, რომელიც ცოტა ხნის წინ ნიუ-იორკში დააკავეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2017 წლის აპრილში, Ford-ის სულ მცირე 22 ავტომობილის სათადარიგო საბურავებში დიდი ოდენობით მარიხუანა აღმოაჩინეს. ყველა მანქანა ასევე ერმოსილიოს ქარხანაში იყო გამოშვებული.
Nearly 200 kilos of methamphetamine worth $4.5 million stashed in spare tires shipped with new vehicles from Mexico investigated by #OPP, @sureteduquebec, @WoodNBPolice and @CanBorder pic.twitter.com/Gn05FIFKZ5
— Ontario Prov Police (@OPP_News) February 27, 2019