Seat-ის ხელმძღვანელის აზრით, 5G კავშირი საავტომობილო ინდუსტრიაში დიდ როლს ითამაშებს

კომპანია Seat-ის აღმასრულებელი დირექტორი ლუკა დე მეო ფიქრობს, რომ ავტომწარმოებლები 5G კავშირის უდიდესი მომხმარებლები გახდებიან.

 

მიჩნეულია, რომ მას შემდეგ, რაც სრულად ამოქმედდება, 5G დააკავშირებს ყველაფერს, ავტომობილებიდან დაწყებული, სახლის მოწყობილობებით დამთავრებული. თუმცა, Reuters-ის ცნობით, ღიად რჩება ის საკითხი, რომ სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიამ ჯერ არ იცის, რამდენად მომგებიანი იქნება ეს ტექნოლოგია.

 

 

მეოს განცხადებით, მისი გამოყენება ამჟამად „საკმაოდ შეზღუდულია“. ამის შესახებ მან ბარსელონაში, მობილურების მსოფლიო კონგრესზე, 5G კავშირის მქონე პირველი ავტომობილის კონცეპტზე საუბრისას აღნიშნა. მისივე თქმით, მანქანის დაკავშირება მომხმარებლის სმარტფონთან ან სხვა გარე ინფრასტრუქტურასთან, მილიარდობით შესაძლო ტრანზაქციის საშუალებას იძლევა.

 

„მე პირადად ვფიქრობ, რომ საავტომობილო ინდუსტრიამ ამ სეგმენტში დიდი როლი უნდა ითამაშოს, ჩვენ მისი ერთ-ერთი უდიდესი მომხმარებლები ვიქნებით, მაგრამ საჭიროა, ვიყოთ კრეატიულები“, — აღნიშნა ლუკა დე მეომ.

 

არსებობს მოლოდინი, რომ 5G კავშირი დიდად დაეხმარება ავტომობილის თვითმართვად ტექნოლოგიას, მაგრამ პრობლემად რჩება ინფრასტრუქტურა და ის გარემოება, თუ როგორ შეძლებენ თანაარსებობას ტრადიციული და უპილოტო ავტომობილები.

 

არის არჩევანის მომენტიც — 5G თუ Wi-Fi? ზოგიერთი ავტომწარმოებელი (VW, Renault) ევროკავშირს მოუწოდებს, არჩევანი Wi-Fi-ზე გააკეთოს.

 

რომელ ტექნოლოგიას ვიხილავთ საბოლოოდ უახლოესი მომავლის ავტომობილებში? ყველაფერს ნამდვილად დრო გვიჩვენებს.

© 2015 Sun Petroleum Georgia