პორშეს პირველი ელექტრომობილი

 

კონცეპტ–პროექტის Mission E–ს ბაზაზე შექმნილი Porsche–ს პირველი ელექტროქარის ღირებულება Panamera–ს საბაზო ვერსიის ანალოგიური იქნება. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში Porsche–ს აღმასრულებელმა დირექტორმა ოლივერ ბლუმმა განაცხადა. მისივე განმარტებით ავტომობილის სერიული წარმოება 2019 წლის ბოლოს დაიწყება. მოცემულ მოდელს შიდაწვის ძრავიანი ვარიანტი არ ექნება – კომპლექტაციიდან გამომდინარე მხოლოდ ელექტრო ძრავების სიმძლავრე იქნება განსხვავებული.

 

მომხმარებელს მეტად უჩვეულო და თანამედროვე დიზაინით გამორჩეული Mission E–ს შეძენა სხვადასხვა კომპლექტაციებში შეეძლება. მაგალითად, S ან GTS. სერიული წარმოების განვითარებასთან ერთად, კომპლექტაციიდან გამომდინარე განსხვავებული დიზაინის ძარას გამოშვებაც არის დაგეგმილი. ოლივერ ბლუმის მოსაზერებით, სამოდელო რიგში ელექტროქარი ადგილს Panamera–სა და 911–ს შორის დაიკავებს.

 

 

Mission E–ს პირველი საჯარო დემონსტრაცია 2015 წელს ფრანქფურტში გამართულ ავტოსალონზე შესდგა. პროექტის რეალიზებაზე, შესაბამისი ტექნოლოგიების შექმნა–დამუშავებაზე და სერიული წარმოების მოწყობაზე Porsche–მ 700 მილიონი ევრო გამოყო.

 

მანქანა 800 ვოლტიანი ელექტროსისტემით, სრულად ამძრავი შასით და ორი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომლებიც ჯამურ 608 ცხენის ძალის სიმძლავრეს გამოიმუშავებენ. 100 კმ/სთ სიჩქარის განვითარებისთვის ელექტროქარს მხოლოდ 3.5 წმ სჭრიდება. ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ–ია. Porsche–ს სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ნიურბურგრინგის „ჩრდილოეთის მარყუჟის“ გავლისთვის Mission E–ს 8 წუთზე ნაკლები დრო დასჭირდება.

 

 

ნახშირბოჭკოს ქსოვილით (კარბონი) გაძლიერებული ავტომობილის ძარა ალუმინისგან და ფოლადისგან არის დამზადებული. ბორბლების დისკები (21 დუიმიანი წინ და 22 დუიმიანი უკან) კი – ნახშირპლასტიკისგან. გარდა ამისა, ელექტროქარს შუქდიოდური ფარები, კამერები უკანა ხედვის სარკეების ნაცვლად და სრულად  ელექტრონული ცენტრალური კონსოლი აქვს.

 

საგულისხმოა, რომ  სერიულ წარმოებასთან ერთად ავტომობილის დამუხტვისთვის Porsche–ს  150 კილოვატიანი სპეციალური ელექტროსადგურების მოწყობაც მოუწევს. აკუმულატორების ერთი დამუხტვით Mission E–ს 500 კმ–ის გავლა შეუძლია.

 

© 2015 Sun Petroleum Georgia