2019 წლის იანვარში ტოკიოს ავტოსალონი გაიმართება. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის, Mazda-მ რამდენიმე მოდელი წარმოადგინა.
მათ შორის არის Mazda3 Custom Style, რომელიც ეფუძნება გასულ თვეში ლოს-ანჯელესის ავტოშოუზე წარმოდგენილ სრულიად ახალ მოდელს. დეტალების დაკონკრეტებისგან Mazda თავს იკავებს, მაგრამ ცნობილია, რომ ჰეტჩბეკი აღჭურვილია აეროდინამიკური სტილის შეფუთვით.
გარდა ამისა, მანქანა ასევე აღჭურვილია 18-ინჩიანი BBS ბორბლებითა და გამოირჩევა მოკრძალებულად შეცვლილი ინტერიერით, სადაც ნახავთ სპორტულ პედლებსა და იატაკის სპეციალურ ნოხს.
თუმცა, ღონისძიების ნამდვილი ვარსკვლავი იქნება როდსტერის ტიპის კუპეს კონცეპტი. იგი დაფუძნებულია MX-5 Miata-ზე და აქვს ნახშირბადის ბოჭკოს მოსახსნელი მყარი სახურავი.
გარდა გამჭვირვალე სახურავისა, MX-5-ში ნახავთ ძარის აეროდინამიკურ გვერდით გარსშემომდენებს და 16-ინჩან RAYS ბორბლებს. სხვა მოდიფიკაციებს შორისაა წინა საბუქსირე კაუჭი, Recaro-ს სავარძლები და ალუმინის პედლები. მოდელი ასევე აღჭურვილია ახალი მქნევარა თვლით, მაღალი წარმადობის ჰაერის ფილტრითა და თვითბლოკირებადი დიფერენციალით.
გარდა ჩამოთვლილისა, Mazda ასევე წარმოადგენს CX-5-ისა და CX-8-ის მოდიფიცირებულ ვერსიებს. წინა ვერსიებში არსებული პლასტმასის გარსაკრავები ალუმინის ჩანართებითაა შეცვლილი. CX-5-ში ასევე ნახავთ განახლებულ სალონს ალუმინის პედლებით, განათებულ კარის ზღურბლის ზედსადებებსა და ნოხს „სურნელოვანი ფუნქციით“.
ოდნავ განსხვავებულია CX-8 Custom Style. აღჭურვილია ხელოვნური ფირფიტებითა და 20-ინჩიანი ალუმინის დისკებით. სალონში განახლება იგივეა, რაც CX-5-ის შემთხვევაში.
ტოკიოს ავტოსალონი ყოველწლიური ავტოშოუა. ამჯერად ის 11 იანვარს გაიხსნება და რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.