ახალი BMW X7 იმდენად დიდია, რომ ფოტოებში ძლივს ეტევა

ლოს-ანჯელესის ავტოშოუზე მრავალი ახალი ავტომობილი წარმოადგინეს. გამონაკლისი არც BMW X7-ია.

 

მიუხედავად იმისა, რომ გერმანული ავტომწარმოებლის ისტორიაში ყველაზე დიდი სპორტული ავტომობილის ოფიციალური დებიუტი ლოს-ანჯელესში შედგა, მისი ფოტოები აქამდეც ხელმისაწვდომი იყო, რადგან დაახლოებით ერთი თვის წინ, BMW-მ ისინი ონლაინ გამოაქვეყნა.

 

ახალი X7-ის სიგრძე 5,15 მეტრია, სიგანე 1,99 მ (გვერდითი სარკეების გარეშე), სიმაღლე კი 1,8 მეტრი. რაც შეეხება ღერძებს შორის დაშორებას, ის 3,1 მეტრს აღწევს.

 

 

X7-ს აქვს სავარძლების სამი მწკრივი და იტევს შვიდ ადამიანს. BMW X-ის სხვა მოდელების მსგავსად, სავარძლები მდიდრულ სტილშია გადაწყვეტილი. იმ შემთხვევაში, თუ ყველა სკამს ადგილზე დავტოვებთ, საბარგულის ტევადობა 326 ლიტრია, მეორე და მესამე რიგის სავარძლების გადაკეცვის შემთხვევაში კი ამ სივრცის ტევადობა 2120 ლიტრამდე იზრდება.

 

აშშ-ის ბაზარზე 2019 წლის BMW X7 წარმოდგენილი იქნება ძალური გადაცემის ორი სხვადასხვა სისტემით. საწყისი დონის xDrive40i აღჭურვილი იქნება 3.0 ლ ექვსცილინდრიანი ტურბოძრავით (335 ცხენის ძალა). ექნება რვასიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი, რომელიც ოთხივე ბორბალს მართავს. ამ ძრავის წყალობით, ახალი BMW X7 100 კილომეტრს 5,8 წამში ავითარებს.

 

 

რაც შეეხება მეორე ვარიანტს, ის იქნება xDrive50i ძრავი — 4.4 ლ, ორმაგი ტურბო, V8. მისი სიმძლავრე 456 ცხენის ძალა იქნება. აღიჭურვება იგივე ტრანსმისიით და 100 კმ/სთ სიჩქარეს 5,2 წამში განავითარებს. ორივე მოდელის მაქსიმალური სიჩქარე 209 კმ/სთ-ია.

 

BMW-ს SUV-ების უმეტესობის მსგავსად, 2019 წლის X7-იც სამხრეთ კაროლინის შტატის ქალაქ სპარტანბერგში აეწყობა. აშშ-ის ბაზარზე მანქანა 2019 წლის მარტში გაეშვება და xDrive40i-ს შემთხვევაში საწყისი ფასი 73 900$ იქნება, xDrive50i-ს კი 92 600$.

 

 

© 2015 Sun Petroleum Georgia