ჩინელებს ახალი მანქანის სუნი სძულთ - Ford-ი ამ პრობლემის მოგვარებას აპირებს

Ford-ი აქტიურად ცდილობს, ჩინეთის ბაზრისთვის განკუთვნილ თავის ავტომობილებში გააქროს ახალი მანქანისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური სუნი. ამის შესახებ The Detroit Free Press-ი იუწყება.

 

ალბათ დაგაინტერესებთ, რატომ? მიუხედავად იმისა, რომ ახალი მანქანის სუნი მთელ მსოფლიოში მომხმარებელთა უდიდეს ნაწილს საოცრად უყვარს, ეს სურნელი სასტიკად სძულთ ჩინეთში.

 

ცოტა ხნის წინ ჩინეთში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ჩინელი მძღოლების 10 პროცენტზე მეტი ახალი მანქანის სუნზე ჩივის.

 

„სალონის არასასიამოვნო სუნი ინდუსტრიის მთავარ პრობლემად რჩება ამ ბაზარზე. შედარებისათვის, ეს საკითხი დაახლოებით ორჯერ უფრო მეტ მომხმარებელს აწუხებს, ვიდრე მეორე მთავარი პრობლემა — ბევრი საწვავის წვა“, — ამბობს კვლევის ხელმძღვანელი ბრენტ გრაბერი.

 

 

ამ პრობლემის გადასაწყვეტად, ცოტა ხნის წინ Ford-მა აშშ-ის პატენტისა და სავაჭრო ნიშნების ოფისში განაცხადი შეიტანა. კომპანიას სუნის მოშორების სპეციალური პროცედურის დაპატენტება სურს.

 

ახალი მანქანის სუნი გამოწვეულია ტყავის, პლასტმასისა და ვინილის მიერ გამოყოფილი ორგანული ნივთიერებებით. სუნს იწვევს მანქანის გარკვეული ნაწილების შესაწებებლად გამოყენებული ქიმიური ნივთიერებებიც.

 

ფორდის საპატენტო აპლიკაცია გულისხმობს მანქანის გაჩერებას მზისგულზე, ფანჯრების ჩაწევას, ძრავის, გამათბობლისა და ვენტილაციის ჩართვას, რამაც საბოლოოდ სუნი უნდა გააქროს.

 

„მიუხედავად იმისა, რომ ახალი მანქანის სუნი ფესვგადგმულია ამერიკულ კულტურაში, ვიცით, რომ ჩინელ მომხმარებლებს ეს სურნელი სძულთ. ეს პატენტი წარმოადგენს წლების განმავლობაში მიმდინარე კვლევათა შედეგს, რომელსაც ჩვენ მომავალში აუცილებლად გავითვალისწინებთ“, — აღნიშნავს Ford-ი.

 

© 2015 Sun Petroleum Georgia