გაიცანით – კონცეპტუალური BMW 8-SERIES

 

Villa d’Este-ს (იტალია) ელეგანტურობის კონკურსზე პრემიერის წინ, BMW-მ კონცეპტუალური კუპე 8-Series გაგვაცნო. ეს ავტომობილი არის სერიული 8-Series Coupe-ს წინამორბედი, რომელიც ბაზარზე მომავალ წელს გამოვა. ბავარიული კომპანიის განმარტებით, კონცეპტი არის „ლუქს კლასის სპორტული ავტომოიბილი, რომელიც შეუდარებელი დინამიკით და თანამედროვე მდიდრულობით გამოირჩევა“.

 

 

ახალი კონცეპტუალური ავტომობილი, ასევე კონცეპტუალურ Gran Lusso Coupe-ზე ათლეტურად გამოიყურება. ეს არის ორკარიანი, დახვეწილი გარეგნობის სპორტული მოდელი, რომელსაც „ბეემვეს“ ავტომობილებისთვის საფირმო, რადიატორის „ორთირკმელიანი“ ზორბა ცხაური გამოარჩევს. გარდა ამისა, ავტომობილს აქვს კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული წინა სპლიტერი, ლაზერული მთავარი ფარები და ჰაერის მასიური ამღებები, რომლებიც რადიატორის ორივე მხარეს არის განლაგებული.

 

გარდა ამისა, ავტომობილს აგრესიულ იერს გრძელი და მოხრილი კაპოტი და პროფილირებული გვერდები ანიჭებს, რომლებიც უკანა ბორბლების დაბერილ თაღებში გადადის. ბორბლები ალუმინის შენადნობისგან არის დამზადებული. სახურავი მოკლე და უკნისკენ ძლიერ დახრილია. უკან ავტრომობილს კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული დიფუზორი ამშვენებს, რომლის ორივე კიდეშიც გამოსაბოლქვი მილები განლაგდა. უკანა ფარების ქვეშ, ჰაერის გამომშვები ჭრილები განლაგდა.

 

 

ინტერიერში მინიმალიზმი შეინიშნება, რაც იქაურობას სისადავეს ანიჭებს. ყურადღება მძღოლისს ამუშაო ადგილზე გამახვილებული. სავარძლები სპორტულია, რომელთა გასაწყობად ძვირფასი ტყავი გამოიყენეს. ორიგინალური ფორმა აქვს საჭის რგოლს, რომელზეც გადაცემების გადასართავი ნიჩბები განლაგდა. რა თქმა უნდა, მაჩვენებლების დაფა და ცენტრალურ კონსოლზე მოთავსებული ეკრანი ციფრულია.

 

BMW-ს არ გაუმჟღავნებია ინფორმაცია კონცეპტის აღჭურვილობის შესახებ. არაოფიციალური ინფორმაციით, სერიული კუპეს ძრავების გამაში ექვსცილინდრიანი 3.0-ლიტრიანი ტურბო, 4.4-ლიტრიანი V8 ტურბო და 6.6-ლიტრიანი V12 ტურბო ძრავები შევა.

 

„ბეემვეს“ შეფ ჰარალდ კრუგერის თქმით, BMW 8-Series Coupe არის ნიმუში იმისა, რომ ერთ ავტომობილში შეიძლება უბადლო დინამიკური მახასიათებლები და თანამედროვე კომფორტულობა იყოს შეხამებული. ის გააფართოებს კომპანიის ლუქს კლასის ავტომობილების გამას და ამ კლასის კუპეებისთვის, თამასას კიდევ უფრო მაღლა ასწევს.

 

© 2015 Sun Petroleum Georgia