საჭე მობილურის ნაცვლად- ნუ გაცვლი სიცოცხლეს ერთ შეტყობინებაში

ავტომობილის მართვის პარალელურად ტელეფონზე საუბარი და შეტყობინებების გაგზავნა ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. პრობლემა დღითიდღე აქტუალური ხდება და  სტატისტიკაც გვიჩვენებს, რომ საჭესთან ჯდომისას მობილური ტელეფონის გამოყენება ისეთივე საშიშია, როგორც ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვა. ავარიების 25% სწორედაც მძღოლის ყურადღების გაფანტვით გამოწვეულ შემთხვევებზე მოდის.

საერთაშორისო კვლევების  ადასტურებს, რომ მობილური ტელეფონით მოსარგებლე მძღოლი მთლიანად ეთიშება მართვას, ვერ აკონტროლებს დისტანციას წინ მიმავალ ავტომობილს შორის, ასევე ვერ ამჩნევს გვერდით საფრთხეებს, რაც შეიძლება ფატალური შედეგით დასრულდეს როგორც თვითონ მისთვის, ისე სხვა მგზავრებისთვის.



კანონმდებლობა საქართველოში

მართვის მოწმობას ყოველი წლის 1 იანვარს 100 ქულა ენიჭება და წლის განმავლობაში სამართალდარღვევებზე შესაბამისი ქულები აკლდება. წინა წელს დარჩენილი ქულები არ ინახება, არ ემატება ახალი წლიდან დარიცხულ 100 ქულას. ქულების განულების შემთხვევაში, პირს მართვის უფლება 1 წლით ჩამოერთმევა. ქულათა სისტემის შემოღების შემდეგ საჭესთან მობილურზე საუბარი  15 ქულით და 30 ლარით ჯარიმდება რაც იმას ნიშნავს, რომ თუ თქვენ მობილურზე წლის განმავლობაში 7-ჯერ ისაუბრებთ და ავტომობილის მართვის დროს და ამისთვის დაჯარიმდებით კიდეც, მართვის უფლება შეგიჩერდებათ 1 წლის ვადით.

კანონმდებლობა მსოფლიოს სხვა ქვეყნებში

მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში ავტომობილის მართვისას აკრძალულია მობილური ტელეფონის ნებისმიერი მიზნით გამოყენება.

ბრიტანეთში მობილურით სარგებლობისას, არ აქვს მნიშვნელობა საუბრობთ, შეტყობინებას აგზავნით თუ ვიდეოს უყურებთ დაჯარიმდებით 200 ფუნტ სტერლინგით, ხოლო განმეორებით შემჩნევისას 1000 ფუნტის გადახდა და სასამართლოს წინაშე წარდგომა მოგიწევთ.

ომანში მობილური ტელეფონის გამოყენება ისჯება 10 დღით პატიმრობით და 780 $ ჯარიმის გადახდით.

უნდა აღინიშნოს, რომ ტელფონზე საუბრის/ტელეფონის გამოყენების მიზეზით ავტოავარიების გამომწვევი მძღოლების უმეტესობა ახალგაზრდაა.




მობილურით სარგებლობისას საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის გამოწვევის ალბათობა ოთხჯერ იზრდება.

იმისათვის რომ მობილური ტელეფონი თქვენი და სხვა მგზავრების ავარიის და სერიოზული დაზიანებების მიზეზი არ გახდეს:

 

მართე ყურადღებით

შეეცადე კონცენტრაცია მოახდინო მხოლოდ ავტომობილის მართვაზე, ორივე ხელი მოკიდო საჭეს, დაიცვა დისტანცია, არ იჩქარო. დაიმახსოვრე, რაც არ უნდა გეჩქარებოდეს ტელეფონზე საუბრის/მესიჯების გაგზავნის შემთხვევაში გზას არათუ ვერ შეამოკლებ, არამედ შესაძლოა სერიოზული ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი გახდე.

მოგვიანებით უპასუხე

გამორთე ხმა და ვიბრაციის რეჟიმი ტელეფონზე და ჩადე შალითაში, რომ ეკრანის ნათებამ ყურადღება არ გაგიფანტოს. გადადე ტელეფონი ხელისთვის მიუწვდომელ ადგილზე. ყველანაირად შეეცადე შეუშალო საკუთრ თავს ხელი ყურადღების გაფანტვაში.

 

არ გამოიყენო დამატებითი მოწყობილობები

მოერიდე ყურსასმენებისა და ბლუთუსის გამოყენებას. ზოგიერთი მძღოლი ფიქრობს, რომ თუ დამატებით მოწყობილობებს გამოიყენებს და ტელეფონს ხელში არ აიღებს ამით დაიცავს თავს ყურადღების გადატანისგან. რისკი ამ შემთხვევაშიც დიდია, რადგანაც მძღოლი გზას კი შეიძლება ხედავდეს, მაგრამ ყურადღება მაინც საუბარზე და მის შინაარსზეა გადატანილი. ერთდროულად კი ეს ორი მოქმედება, რომელიც თანაბარ კონცენტრაციას მოითხოვს არ შეიძლება იდეალურად შესრულდეს.



გააფრთხილე ახლობლები

იზრუნე საკუთარ უსაფრთხოებაზე წინსწარ. ოჯახის წევრებს და მეგობრებს დაელაპრაკე და გაუგზავნე შეტყობინებები ავტომობილის მართვის დაწყებამდე.

 

გააჩერე მანქანა

მნიშვნელოვანი ზარია და ვერ გადადებ? გადააყენე ავტომობილი უსაფრთხო ადგილას და უპასუხე. ამ ხერხით მოახერხებ მშვიდად საუბარს და ამავდროულად დაიცავ როგორც საკუთარ, ისე სხვების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.

დაზოგე

იმოძრავე წესების მიხედვით, ნუ ჩაიგდებ საკუთრ თავს და სხვებს საფრთხეში და დაზოგე, როგორც საკუთარი ჯანმრთელობა და ავტომობილი, ასევე სხვისიც. ამით კიდევ ერთხელ დაამტკიცებ, რომ ჭკვიან მძღოლს ზარალის ნაცვლად, რაც შეიძლება ჯარიმების სიმრავლით გამოხატებოდეს, პირიქით ეკონომიკური სარგებელის მოტანა შეუძლია.

გაითვალისწინე!

ავტომანქანით გადაადგილებისას: უყურე მხოლოდ გზას, ორივე ხელი მოკიდე საჭეს, გონებით კონცენტრირდი მოძრაობაზე.

 

გახსოვდეს: 2 წამით ტელეფონზე დახედვა 100კმ/სთ სიჩქარით მოძრაობისას 50 მეტრის ბრმად გავლას ნიშნავს.

ნუ გაცვლი სიცოცხლეს 1 ზარში/მესიჯში

 

რატომაა სახიფათო ყურადღების გადატანა

მძღოლის ყურადღების გადატანა შეიძლება იყოს 4 ტიპის და ყველა ერთმანეთზე სახიფათო:

  • ვიზუალური-როდესაც გზის ნაცვლად ვუყურებთ მობილურ ტელეფონს ან სხვა ნივთს
  • კოგნიტური-როდესაც გონებრივად გადავერთვებით იმ თემაზე რაზედაც ვსაუბრობთ
  • ფიზიკური-როდესაც საჭის ნაცვლად ტელეფონი გვიჭირავს ხელში და სხვადასხვა მოქმედებებს ვასრულებთ (ნომრის აკრეფა, მესიჯის წაიკითხვა, დაწერა)
  • სმენითი-როდესაც ვისმენთ ტელეფონზე შემოსული ზარის ან შეტყობინების ხმას
© 2015 Sun Petroleum Georgia