ავტომატური მუხრუჭის სისტემები ავარიებს 43%-ით ამცირებს - ახალი კვლევა

ავტოპილოტი მართვის ტექნოლოგია უსაფრთხოების მაჩვენებლის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას გვპირდება, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ამჟამინდელი სისტემები უკვე მოძველებულია.

 

ახლახან ჩატარებულ კვლევაში, ავტომაგისტრალების უსაფრთხოების დაზღვევის ინსტიტუტი (Insurance Institute for Highway Safety) შეეცადა გაერკვია, რეალურად რამდენად ეფექტიანია შეჯახების წინასწარი გაფრთხილებისა და ავტომატური საავარიო მუხრუჭის სისტემები. შედეგები საკმაოდ შთამბეჭდავია, რადგან აჩვენებს, რომ ამ ტექნოლოგიას შეუძლია დრამატულად შეამციროს ყოველდღიურ ავარიათა ოდენობა.

 

კვლევის ფარგლებში მხოლოდ GM-ის 2013-2015 წლების ავტომობილები შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ იმ ავტომობილებში, რომლებიც აღჭურვილი იყვნენ შეჯახების წინასწარი გაფრთხილებისა და ავტომატური საავარიო მუხრუჭის სისტემით, 43 პროცენტით იყო შემცირებული წინა და უკანა შეჯახებები. რაც შეეხება დაშავებულებს ასეთი შეჯახებების დროს, ამ ტექნოლოგიებით აღჭურვილ მანქანებში მდგომარეობა 64 პროცენტით უკეთესია „მუნჯ“ კონკურენტებთან შედარებით.

 

 

სიტუაცია გაცილებით უკეთესია მხოლოდ შეჯახების წინასწარი გაფრთხილების სისტემის მქონე ავტომობილებშიც კი, რომლებსაც ავტომატური საავარიო მუხრუჭი არ გააჩნიათ. შეჯახებების ოდენობა მათ შემთხვევაში 17 პროცენტით არის შემცირებული, დაშავებულთა რიცხვი კი 30 პროცენტით.

 

გარდა ავარიების მთლიანი ოდენობის შემცირებისა, ტექნოლოგია მნიშვნელოვნად ამცირებს ამ ავარიებში დაშავებულთა რიცხვსაც. ალბათ იმიტომ, რომ მძღოლებს წინასწარი გაფრთხილება ეძლევათ პოტენციური შეჯახების შესახებ და სვლას ანელებენ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ შეჯახება მაინც გარდაუვალია.

 

აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი კვლევა ჩატარდა. შეისწავლეს Acura-ს, Fiat Chrysler-ის, Honda-ს, Mercedes-Benz-ის, Subaru-სა და Volvo-ს ავტომობილები. გაირკვა, რომ შეჯახების წინასწარი გაფრთხილებისა და ავტომატური საავარიო მუხრუჭის სისტემები ამ შემთხვევაში ავარიების ოდენობას 50 პროცენტით ამცირებდა, შეჯახების შედეგად დაშავებულთა რიცხვს კი 56 პროცენტით.

 

მიუხედავად იმისა, რომ ავტომატური საავარიო მუხრუჭის სისტემები სტანდარტი ხდება სულ უფრო და უფრო მეტ ავტომობილში, ის ჯერ კიდევ შორსაა უნივერსალურობისგან. თუმცა ყველაფერი 2020 წელს შეიცვლება, რადგან მსოფლიოს 20 ავტომწარმოებელი უკვე შეთანხმდა, რომ ეს ტექნოლოგია სტანდარტული აღჭურვილობა გახდება მათ მიერ წარმოებულ ყოველ ავტომობილში.

 

© 2015 Sun Petroleum Georgia