ჩინეთში ავტომობილთა გაყიდვები მცირდება - პირველად ბოლო 30 წლის განმავლობაში

თითქმის 30 წლის განმავლობაში, ჩინეთის ახალი მანქანების ბაზარი მუდმივად იზრდებოდა. 2009 წელს მან აშშ-ს ბაზარსაც გადაუსწრო და მსოფლიოში უდიდესი გახდა.

 

თუმცა, Reuters-ის ცნობით, ოქტომბერში მიწოდება 11,7 პროცენტით შემცირდა, რამაც შესაძლოა, პირველი წლიური ვარდნა გამოიწვიოს 1990 წლის შემდეგ.

 

ამ დროს, ჩინეთის ავტომწარმოებელთა ასოციაცია (CAAM) გასულ წელთან შედარებით, 3 პროცენტიან ზრდას ვარაუდობდა. თუმცა, მისი განცხადებით, 2018 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით, გაყიდვებმა 22,87 მილიონი მანქანა შეადგინა, რაც 0,1%-ით ნაკლებია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.

 

აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში ჩინეთში 2,38 მილიონი მანქანა გაიყიდა. ოქტომბერი ზედიზედ მეოთხე თვე აღმოჩნდა, როცა 2012 წლის შემდეგ კვლავ დაფიქსირდა გაყიდვების ყველაზე დიდი კლება.

 

 

„წლის ბოლოსკენ ვითარებას კარგი პირი არ უჩანს, რადგან შარშანდელთან შედარებით, ბაზარზე შეიმჩნევა სისუსტე“, — ამბობს შანხაიში ბაზირებული საკონსულტაციო კომპანია Automotive Forsight-ის ხელმძღვანელი იელ ჟანგი.

 

მისი თქმით, ის ელოდება, გადადგამენ თუ არა ავტომწარმოებლები რაიმე ნაბიჯს გაყიდვების გასაზრდელად და ამჟამინდელი ტენდენციის შეცვლისთვის.

 

აღნიშნულ ვარდნაში გარკვეული წვლილი შეიტანა აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომმა და გაზრდილმა ტარიფებმა.

Reuters-ის ცნობით, რამდენიმე დილერმა მომხმარებელთა მისაზიდად დიდი ფასდაკლებებიც გამოაცხადა და მთავრობას პატარა მანქანებზე ბეგარის შემცირებას სთხოვენ.

 

კარგი ამბავი კი ის არის, რომ გასულ წელთან შედარებით, 2018 წლის პირველი ათი თვის განმავლობაში, ჩინეთში 75,6 პროცენტით გაიზარდა ელექტრომობილთა გაყიდვები და ამ რიცხვმა 860 000 ერთეულს მიაღწია.

© 2015 Sun Petroleum Georgia