მოტოციკლები/სკუტერები და საგზაო უსაფრთხოება. იმოძრავეთ მარტივად-მართეთ უსაფრთხოდ

მოტოციკლები და სკუტერები ყველაზე ნაკლებად დაცულ სატრანსპორტო მოძრაობის მონაწილეებს წარმოადგენენ. ჩატარებული კვლევების მიხედვით მოტოციკლების მონაწილეობით მომხდარი საგზაო შემთხვევების დროს  3-ჯერ მეტი ადამიანი ზარალდება, სამედიცინო ხარჯები 6-ჯერ იზრდება, ხოლო დაღუპულობა 5-ჯერ (Canadian Medical Association Journal).


საცობებით გადატვირთულ ქალაქში მოტოციკლებისა და სკუტრების მომრავლებამ ერთი მხრივ მოძრაობა კი განტვირთა, მაგრამ მეორე მხრივ ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი საგრძნობლად გაზარდა.

ავტომანქანების არასწორი მანევრირება, მძღოლების დაუდევრობა და უყურადღებობა - ეს ის მიზეზებია, რის გამოც შეიძლება მოტოციკლი და სკუტერი გზაზე ავტომობილთან არათანაბარ პირობებში აღმოჩნდეს და ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გახდეს.

‘საგზაო მოძრაობის შესახებ’ საქართველოს კანონის მიხედვით მოპედის და მოტოციკლის მართვა შეუძლია პირებს 16 წლის ასაკიდან და ამ სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებისთვის სპეციალური წესებია დადგენილი.

ველოსიპედისა და მოპედის მძღოლებს ეკრძალებათ მგზავრის გადაყვანა (გარდა 7 წლამდე ბავშვისა, თუ აღნიშნული ტრანსპორტი საიმედო საფეხურებითა და დამატებითი დასაჯდომითაა აღჭურვილი).

მოტოციკლის მძღოლებს მგზავრის გადაყვანა შეუძლიათ მხოლოდ ეტლით (თუ ასეთი არსებობს) ან/და მძღოლის უკან მოწყობილი დამატებითი დასაჯდომით, მხოლოდ შესაბამისი სპეციალური ჩაფხუტით. ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავით მგზავრის გადაყვანა აკრძალულია.

ადამიანებმა და განსაკუთრებით მოზარდებმა საჭესთან დაჯდომისას ხშირად საგზაო წესები არ იციან, არ იხურავენ მოტოციკლის ჩაფხუტს და პირადი უსაფრთხოების არანაირ ზომას არ იღებენ.

 

გაითვალისწინეთ, სკუტერი და მოტოციკლი არა მხოლოდ ძვირფასი და საინტერესო სათამაშო, არამედ სახიფათო სატრანპორტო საშუალებაა, რომლის მართვასაც შეიძლება მართვის მოწმობა არა, მაგრამ დიდი სიფრთხილე სჭირდებოდეს. დაიცავით წესები და იმგზავრეთ უსაფრთხოდ.

 

სწორად შეარჩიეთ მოტოციკლი/სკუტერი

ყველა მოტოციკლს განსხვავებული მონაცემები აქვს, ეს ძირითადად ეხება ძრავის სიმძლავრეს და სიჩქარეს. რაც უფრო დაბალი სიმძლავრე აქვს ძრავს მით უფრო ნაკლებ სიჩქარეს ავითარებს, რაც ამცირებს ავარიების საფრთხეს. ამიტომ სანამ მოტოციკლის ყიდვას გადაწყვეტთ, გაესაუბრეთ სპეციალისტს რომ სწორად შეარჩიოთ და უსაფრთხოდ იმგზავროთ.

 

ყოველთვის შეამოწმეთ მოტოციკლი მოძრაობის დაწყებამდე

 

დაიცავით უსაფრთხოების წესები და მოძრაობის დაწყებამდე ჩაატარეთ მინი ინსპექტირება. შეამოწმეთ წნევა საბურავებში, დაათვალიერეთ საბურავების მთლიანობა, შეამოწმეთ საწვავი, ნახეთ თუ მუშაობს მუხრუჭები, განათება და სიგნალი. თუ ყველაფერი წესრიგშია შეგიძლიათ მოირგოთ ჩაფხუტი და იმოძრაოთ.

 

შეიარაღდით უსაფრთხოების აღჭურვილობით

ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია მოძრაობისას უსაფრთხოების აღჭურვილობა მოტოციკლზე. ‘საგზაო მოძრაობის შესახებ’ საქართველოს კანონის მიხედვით მოპედის და მოტოციკლის  მართვა შეუძლია პირს მხოლოდ შესაბამისი სპეციალური ჩაფხუტით. როგორც კვლევები აჩვენებს ჩაფხუტის გარეშე სიარული 40 %-ი ზრდის თავის ტრავმებს შეჯახებისას და სამჯერ ზრდის ტვინის დაზიანების შანსს.



ჩაფხუტის შერჩევა საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია. რაც უფრო მეტად დაცულია ჩაფხუტი, მით უფრო უსაფრთხოა თქვენი გადაადგილება.

 

ჩაიცვით შესაბამისად

 

თქვენი უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია იცოდეთ რისი ჩაცმა არ შეიძლება მოტოციკლის/სკუტერის მართვის დროს.

შეეცადეთ ჩაიცვათ ისეთი ტანსაცმელი, რაც დაგიცავთ ქარისგან და დაზიანებებისგან. ატარეთ ტყავის ქურთუკი და ხელთათმანი.არ ჩაიცვათ სანდლები და თხელი ტანსაცმელი.დაიცავით თვალები სპეციალური ჩაფხუტის საშუალებით, რომელსაც სპეციალური შუშის მექანიზმი აქვს.

ხშირად ავტომობილის მძღოლები ამბობენ, რომ ვერ ამჩნევენ მოტოციკლისტს, ამიტომ შეეცადეთ ჩაიცვათ ნათელი ფერები და ჩაფხუტიც ადვილად შესამჩნევი ატაროთ.

 

მოერიდეთ უამინდობაში გასვლას

 

წვიმიანი ამინდი, თოვლი და ქარი ხელს უშლის როგორც ხილვადობას და მანევრირებას, ასევე ზრდის მოცურების რისკს. ამიტომ წვიმაში, თოვლსა და ძლიერ ქარში მოერიდეთ მოტოციკლით და სკუტერით მგზავრობას. ყველაზე საშიში პერიოდი წვიმის დაწყებისას არის, ამიტომ მოცურებისგან თავი რომ დაიზღვიოთ, აარიდეთ თავი სწრაფ მანევრირებას. გაითვალისწინეთ, უამინდობაში გასვლით საფრთხეს უქმნით როგორც საკუთარ თავს, ისე სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს.

© 2015 Sun Petroleum Georgia