Lexus-ი ჩვეულებრივი გვერდითი სარკეების ნაცვლად ციფრული კამერების გამოყენებას იწყებს

უკვე მრავალი წელია ვხედავთ კონცეპტებს, რომლებშიც მანქანის სტანდარტული გვერდითი ხედვის სარკეები ციფრული კამერებით არის ჩანაცვლებული. თუმცა, ასეთი ტექნოლოგია ამ დრომდე არც ერთ ავტომობილს არ აქვს. როგორც ჩანს, მოცდა დიდხანს აღარ მოგვიწევს, რადგან Lexus-ი ამ კონცეპტის ხორცშესხმას გეგმავს.

 

Toyota-ს მდიდრული ბრენდი თავის ავტომობილებზე ციფრული გარე სარკეების დამონტაჟებას ES მოდელის სედანებიდან დაიწყებს. ალბათ სულაც არ იქნება გასაკვირი, რომ ამ სარკეებს მრავალი უპირატესობა აქვს.

 

 

პირველ რიგში, ისინი ამცირებს ჰაერთან წინაღობას, რაც საწვავის ეკონომიასა და ქარის ნაკლებ ხმაურს ნიშნავს. ნაკლებად მოგიწევთ დარდი თოვლისა და წვიმის დროსაც. ზოლის შეცვლისას ან უკუსვლით მოძრაობისას, სარკეები ავტომატურად (ან ხელით) გააუმჯობესებს გვერდითა ან უკანა ხედებს.

 

სისტემა მოიცავს გვერდით კამერებს სარკეების ადგილას და 5-ინჩიან მონიტორს  სალონში, რომელზეც კამერების მიერ გადაღებული გამოსახულება გამოჩნდება. მსგავსი სისტემა Audi-მაც შექმნა თავის E-Tron-ისთვის. მაგრამ როგორც Lexus-ი აცხადებს, ის კონკურენტს დაასწრებს და ამ ტექნოლოგიას მის ავტომობილებში უკვე შემდეგ თვეში ვიხილავთ.

 

 

სისტემა თავდაპირველად ოქტომბერში, Lexus-ის ES მოდელებში გამოჩნდება, შემდეგ კი სხვა მოდელებშიც დაინერგება. მაგრამ აღსანიშნავია, რომ ციფრული გარე სარკეები მხოლოდ იაპონიაში გამოჩნდება, რადგან ამ ქვეყანამ აღნიშნულ ტექნოლოგიას მწვანე შუქი რამდენიმე წლის წინ აუნთო.

 

სხვა ბაზრებზე მის დამტკიცებას შეიძლება, გარკვეული დრო დასჭირდეს, განსაკუთრებით კი აშშ-ში, სადაც ხილვადობის ასეთი ტექნოლოგიები მკაცრ რეგულაციებშია მოქცეული.

© 2015 Sun Petroleum Georgia