„კალაშნიკოვი“ ელექტრომობილის გამოშვებას და Tesla-სთან კონკურენციას აპირებს

 

რუსულ „კალაშნიკოვს“ მთელი მსოფლიო ლეგენდარული AK-47-ის წარმოებით იცნობს. მაგრამ რაც არ უნდა საოცარი იყოს, ცოტა ხნის წინ, ქალაქ კუბინკაში, საერთაშორისო სამხედრო ფორუმზე, კომპანიამ CV-1 ელექტრომობილის კონცეპტი წარმოადგინა.

 

რეტრო სტილში გადაწყვეტილი CV-1-ის კონცეპტი ელექტრომობილია, რომელიც 1973-1997 წლებში წარმოებულ IZH-21252 Kombi-ს ეფუძნება. მიუხედავად ძველი სტილისა, მანქანას რამდენიმე გამორჩეული მახასიათებელი აქვს.

 

კონცეპტი წინა მხარეს აღჭურვილია ახალი ცხაურითა და ექვსი LED ნათურით. რაც შეეხება უკანა ნაწილს, იქ შენიშნავთ ძლიერ შეფერადებულ ფანჯრებსა და თეთრად გადაწყვეტილ მსუბუქ საბურავებს. საბარგულთანაა მოთავსებული სატენის პორტიც.

 

 

„კალაშნიკოვი“ ტექნიკურ მახასიათებლებს ბოლომდე არ ამხელს, მაგრამ კომპანიის განცხადებით, კონცეპტისთვის ჯგუფმა რამდენიმე ორიგინალური სისტემა შექმნა. სავარაუდოდ, მათ შორისაა 90 კილოვატ-საათი სიმძლავრის მოდულური ბატარეა, სწრაფი დატენვის სისტემა და „რევოლუციური ენვერტერი“.

 

„კალაშნიკოვი“ არ ასახელებს რამდენი ელექტროძრავი ექნება მანქანას ან როგორ იწარმოება ენერგია, მაგრამ კომპანია ადასტურებს, რომ 100 კმ/სთ სიჩქარის განვითარება კონცეპტს ექვს წამში შეუძლია. რაც შეეხება რენჯს, დატენვიდან დატენვამდე მძღოლები 350 კილომეტრს გაივლიან.

 

გავრცელებული ინფორმაციით, „კალაშნიკოვი“ ელეტრომობილების სეგმენტში ჩართვას აქტიურად გეგმავს.

 

RBC-ის ცნობით, „კალაშნიკოვის“ პრესსპიკერმა, სოფია ივანოვამ განაცხადა: „ვგეგმავთ სერიოზული კონკურენცია გავუწიოთ Tesla-ს, რადგან ამ დროისთვის, ის ყველაზე წარმატებული პროექტია ელეტრომობილთა სეგმენტში“. კომენტარის თხოვნისას, ივანოვას არ დაუკონკრეტებია, თუ რით აპირებს მათი მანქანა Tesla-ს დაჯაბნას.

 

თუკი აღნიშნულ ინფორმაციას დავუჯერებთ, „კალაშნიკოვის“ სხვა მოდელები IZH-21252-ს არ დაეფუძნება.

 

კომპანიის განცხადებით, ამ მოდელს ისინი მხოლოდ სატესტოდ იყენებენ მანქანის კომპლექსური ელექტროსისტემებისთვის.

© 2015 Sun Petroleum Georgia