ABS სისტემა ორმოცი წლის გახდა

 

უკვე ორმოცი წელი გავიდა, რაც მსოფლიო პირველად შეეგება რევოლუციურ სისტემას, რომელმაც ჩვენი ავტომობილები გაცილებით უსაფრთხო გახადა. რა თქმა უნდა, საუბარია ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემაზე, იგივე ABS-ზე.

 

ABS პირველად 1978 წლის 22-25 აგვისტოს, Mercedes-მა და Bosch-მა წარმოადგინეს, წარმოებაში კი ამავე წლის ბოლოს ჩაეშვა, W116 S-Class-ის ავტომობილებში.

 

ABS-ის გამოჩენამდე, ბორბლებზე სრული კონტროლის შენარჩუნება მოულოდნელი დამუხრუჭების დროს, უსაფრთხოების დიდ პრობლემას წარმოადგენდა, განსაკუთრებით კი მოლიპულ ზედაპირზე. გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მანქანის უსაფრთხოება, ამ სისტემით ავტომობილებმა ციფრული ტექნოლოგიების სფეროში შეაბიჯეს.

 

სპეციალურ ბროშურაში, Mercedes-ი უსაფრთხოების ახალ ტექნოლოგიას ასე ახასიათებდა:

 

„ანტიბლოკირების სამუხრუჭე სისტემა კომპიუტერს იყენებს, რათა დამუხრუჭების დროს აკონტროლოს თითოეული ბორბლის ბრუნვის სიჩქარის ცვლილება. თუკი სიჩქარე ძალიან სწრაფად ვარდება (მაგალითად, მოლიპულ ზედაპირზე) და წარმოიქმნება ბორბლის ბლოკირების რისკი, კომპიუტერი ავტომატურად ამცირებს დამუხრუჭების დაწოლას. ბორბალი კვლავ ჩქარდება და იზრდება დამუხრუჭების დაწოლაც, შესაბამისად, ბორბალი მუხრუჭდება. ეს პროცესი რამდენჯერმე მეორდება სულ რაღაც წამების განმავლობაში“.

 

მიუხედავად იმისა, რომ სისტემა ერთი შეხედვით საკმაოდ რთული ჩანს, ABS ნამდვილად შოკისმომგვრელი ტექნოლოგია აღმოჩნდა პრაქტიკაში. ყველაზე მოლიპულ გზებზეც კი, იგი მანქანებს ფიზიკურად მაქსიმალურად შესაძლო დამუხრუჭების ძალას აძლევდა ბორბლების ბლოკირების გარეშე. გარდა ამისა, მისი წყალობით მძღოლს მიეცა სატრანსპორტო საშუალების ტრაექტორიის სრული კონტროლის საშუალება, რადგან წინა ბორბლები აღარ იჭედებოდა.

 

 

სულ რაღაც ორ წელიწადში, ABS-ის დანერგვა Mercedes-მა სამგზავრო მანქანებში დაიწყო. 1981 წელს კომპანიამ ეს სისტემა ხელმისაწვდომი გახადა კომერციულ ავტომობილებშიც. 1992 წლის ოქტომბრიდან, Mercedes-Benz-მა თავის ყველა ავტომობილში ABS სტანდარტად დანერგა.

 

© 2015 Sun Petroleum Georgia