ბრიტანული საავტომობილო ინჟინერიის კომპანია Cosworth-ი მუშაობს 6,5-ლიტრიან V12 ძრავზე, რომელზეც Aston Martin Valkyrie იმუშავებს.
Twitter-ზე გამოქვეყნებულ „ტვიტში“, რომელიც ამჟამად უკვე წაშლილია, მაგრამ პორტალმა Road & Track-მა სქრინშოტის გადაღება მოასწრო, კომპანია იუწყებოდა: „ჩვენ განთქმული ვართ რეკორდებით და ჩვენი ბოლო ძრავი, Aston Martin Valkyrie 6.5-ლიტრიანი V12, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ბუნებრივი ატმოსფერული ძრავი იქნება გზებზე, 1130 ცხენის ძალით“.
მართალია, ეს ციფრი საკმაოდ შთამბეჭდავია ბუნებრივი ატმოსფერული ძრავისთვის, მაგრამ შესაძლოა, საქმე პატარა ეშმაკობასთან გვქონდეს. წლის დასაწყისში, როცა Aston Martin-იმ ჟენევის ავტოშოუზე Valkyrie AMR Pro წარადგინა, დაადასტურა, რომ მანქანას 1100-ზე მეტი ცხენის ძალის ჰიბრიდული ძრავი ექნებოდა.
სინამდვილეში, ძრავს 1130 ცხენის ძალა არ ექნება. საქმე იმაშია, რომ როგორც ჩანს, ძრავი ამ მაჩვენებელს ჰიბრიდული სისტემის წყალობით მიაღწევს. ეს მოსაზრება ემთხვევა ადრე გავრცელებულ ცნობასაც, რომლის მიხედვითაც, ძრავის სიმძლავრე მხოლოდ 1100 ცხენის ძალა იქნება, დანარჩენ სიმძლავრეს კი მანქანის ჰიბრიდული სისტემა გამოიმუშავებს.
ამ ეტაპზე, ეს ყველაფერი ჭორის დონეზეა ცნობილი, მაგრამ მართლაც არ არის გამორიცხული, რომ ის მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ბუნებრივი ატმოსფერული ძრავი იყოს ამჟამინდელ მოდელებს შორის. ეს რეკორდი ამჟამად Ferrari 812 Superfast-ს ეკუთვნის, რომელსაც 6,5-ლიტრიანი V12 ძრავი აქვს 789 ცხენის ძალის სიმძლავრით. თუკი გავრცელებული ინფორმაცია სწორია, გამოდის, რომ Valkyrie-ის სიმძლავრე დაახლოებით 211 ცხენის ძალით მეტი იქნება.