Suzuki-მ და Mazda-მ აღიარეს, რომ გამონაბოლქვის არასწორ ტესტირებას იყენებდნენ

 Suzuki და Mazda აღიარებენ, რომ საწვავის ეკონომიასა და გამონაბოლქვთან დაკავშირებით, საკუთარ ავტომობილებს იაპონიაში არასწორი ტესტირება ჩაუტარეს. ამის შესახებ გამოცემა Nikkei Asian Review იუწყება.

 

ორმა ავტომწარმოებელმა საკუთარი არასწორი ტესტები მას შემდეგ აღმოაჩინა, რაც იაპონიის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ეროვნულ ავტომწარმოებლებს გამართულობის პროცედურების შესწავლა დაავალა. აღნიშნული პროცესი მას შემდეგ დაიწყო, რაც გაირკვა, რომ ტესტების მონაცემები გაყალბებული ჰქონდათ Nissan-სა და Subaru-ს. როგორც Suzuki-მ აღმოაჩინა, 2012 წლის შემდეგ არასწორი ტესტირება ჰქონდა ჩატარებული 6 401 ავტომობილზე.

 

რაც შეეხება Mazda-ს, 2014 წლის შემდეგ, არასწორი ტესტირება მას 1875 ავტომობილიდან 72-ზე ჰქონდა ჩატარებული. რამდენიმე დღის წინ გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე, Suzuki-ს პრეზიდენტმა ტოშიჰირო სუძუკიმ კომპანიის აქციონერებს ბოდიში მოუხადა.

 

„უმნიშვნელოვანეს ფაქტია, რომ ასე დიდი ოდენობით პროდუქტი არასწორად დავამზადეთ. ჩვენ ამას სერიოზულად ვიღებთ. მარცხი განვიცადეთ ჩვენი გუნდის სათანადოდ მომზადებაში“.

 

Suzuki პროდუქციის უკან გაწვევას ამ ეტაპზე არ გეგმავს.

 

„უკიდურესად დასანანია, რომ ეს სიტუაცია აზარალებს მომხმარებლებს და ავტომწარმოებელთა ხარისხის კონტროლს“, — ამბობს იაპონიის ტრანსპორტის მინისტრი კეიჩი იშიი.

 

აღნიშნული ამბის გავრცელების შემდეგ, საფონო ბირჟებზე Mazda-სა და Suzuki-ს ფასი 5 პროცენტით დაეცა.

 

წლის დასაწყისში, იაპონიის მთავრობამ ეროვნულ ავტომწარმოებლებს გამონაბოლქვისა და საწვავის შესაბამისობის შესწავლა დაავალა. შედეგად გაირკვა, რომ საწვავის ეკონომიისა და გამონაბოლქვის მონაცემები გაყალბებული ჰქონდათ Mitsubishi-ს, Nissan-სა და Subaru-ს. Nissan-მა ისიც აღიარა, რომ ავტომობილის საბოლოო შემოწმებისთვის არაკვალიფიციურ ინსპექტორებს იყენებდა და უყურადღებობის გამო, მონაცემებს მთელი 30 წლის განმავლობაში აყალბებდა.

© 2015 Sun Petroleum Georgia