მომავალი წლიდან, კომპანია Fossil-ი BMW-ს ბრენდით ჭკვიან საათებს გამოუშვებს. ორი კომპანიის გრძელვადიანი თანამშრომლობა ამ სეგმენტში 2023 წლამდე გაგრძელდება. ჭკვიანი საათები BMW-ს საცალო ქსელსა და Fossil-ის ვრცელი გლობალური გაყიდვების ქსელში იქნება ხელმისაწვდომი.
მართალია, პირველი კოლექცია უკვე მომავალ წელს გამოჩნდება, მაგრამ საათების უფრო მეტი მოდელი შემდეგ წლებში, თანდათან გამოვა. სამწუხაროდ, მოწყობილობის ფასი ჯერჯერობით უცნობია.
„BMW მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული ბრენდია. გვსურს, საათების ჩვენეული დიზაინი და ჭკვიანი საათების შესაძლებლობები BMW-ს ფანებს მთელ მსოფლიოში წარვუდგინოთ“, — აღნიშნავს Fossil-ის აღმასრულებელი დირექტორი კოსტა კარცოტისი.
უცნობია, რატომ გადაწყვიტა გერმანულმა ავტომწარმოებელმა გლობალური სალიცენზიო შეთანხმების გაფორმება Fossil-თან, მაგრამ მიზეზი ალბათ ამ უკანასკნელის მასობრივი ზრდაა — მოდის კომპანიის წილი გასულ წელს 215 პროცენტით გაიზარდა.
ავტომწარმოებლის მიერ საკუთარი ჭკვიანი საათის გაყიდვის კიდევ ერთი კარგი მაგალითია Porsche, რომელმაც ამ მოწყობილობათა წარმოება Huawei-სთან ერთად დაიწყო.