„პირველი ნაბიჯი საქართველოს“ დღის ცენტრს ნავთობკომპანია Gulf Georgia სტუმრად ეწვია
8 დეკემბერი 2014

კომპანია რამდენიმე წელია, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მხარს უჭერს “პირველ ნაბიჯს“ და მის ბენეფიციარებს, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები არიან 

ამჯერად კომპანია "გალფის" მხარდაჭერა გამოიხატება დღის ცენტრისთვის ისეთი საჭირო ნივთების შეძენაში, როგორიცაა ტელევიზორი და დი-ვი-დი, რაც პედაგოგებს ესაჭიროებათ სპეციალური, განმავითარებელი ვიდეოგაკვეთილების წარმართვისათვის. აგრეთვე, კომპანია „ხელოვნების წრეს“ გადასცემს სხვადასხვა ტიპის სახატავ და საძერწ მასალებს, რომელიც დიდი რაოდენობით ესაჭიროებათ ბავშვებს.

 

ხელოვნების წრის ფარგლებში ორგანიზაციის ბენეფიციარები სწავლობენ ფუნჯებისა და სხვადასხვა მასალების გამოყენებას, ხატვას, ძერწვას, ამზადებენ მისალოც კორპორატიულ ბარათებს, ქმნიან ნამუშევრებს გამოფენა-გაყიდვებისთვის და ა.შ. ხელოვნების წრე ბავშვებს უვითარებს ერთმანეთთან თანამშრომლობისა და ერთობლივი მუშაობის კულტურას, აგრეთვე შემოქმედებით და ფანტაზიის უნარებს. 

 

„პირველი ნაბიჯი საქართველო“ - არასამთავრობო, საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელიც 1998 წელს ჯეინ ქორბოიმ და ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ დააფუძნეს. ორგანიზაცია ემსახურება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლამდე ბავშვებსა და მოზარდებს, აწვდის მათ სხვადასხვა მომსახურებას და ზრუნავს მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და სოციალურ ინტეგრაციაზე. თავისი არსებობის 16 წლის მანძილზე, ორგანიზაციის ძალისხმევის შედეგად, ასობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვმა დატოვა ბავშვთა სახლი, დაუბრუნდა საკუთარ ოჯახს, გაიარა სარეაბილიტაციო მომსახურება და შეძლო განათლების სისტემაში ჩართვა და სოციალური ინტეგრაცია.

 

"ამჟამად ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ სხვადასხვა სახის ფსიქო-სოციალურ, საგანმანათლებლო და ოჯახის მხარდამჭერ პროგრამებს მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 350-ზე მეტი ბავშვისთვის. გვაქვს დღის ცენტრი თბილისში 50 ბავშვზე გათვლილი, ვახორციელებთ შინ მოვლისა და ადრეული ინტერვენციის პროგრამას", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

© სან პეტროლიუმ ჯორჯია