რუდოლფ ულენჰაუტი - ლეგენდარული გერმანული „ვერცხლისფერი ისრების“ ავტორი

ნებისმიერი ლეგენდარული ავტომობილის უკან ცნობილი დიზაინერი ან ინჟინერი დგას. თანამედროვე სპეციალისტთა შეფასებით, Mercedes-Benz-ის სარბოლო ავტომობილების განყოფილების ხელმძღვანელმა რუდოლფ ულენჰაუტმა საკუთარი პროგრესული იდეებით დროს გაუსწრო. არაორდინალური და ყოველთვის სწორი გადაწყვეტილებების წყალობით, მისი ავტომობილები ტრასაზე საუკეთესო შედეგს აჩვენებდნენ. დიდ ბრიტანეთში დაბადებულმა ულენჰაუტმა ცხოვრების დიდი ნაწილი გერმანიაში გაატარა და Mercedes-ს ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა.

 

 

სკოლის შემდეგ, რუდოლფმა სწავლა მიუნხენის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, მანქანათმშენებლობის სპეციალობაზე გააგრძელა. საკონსტრუქტორო ნიჭით დაჯილდოებულს სამსახურის შოვნა არ გაუძნელდა და 1931 წელს სასწავლებლის დამთავრებისთანავე Mercedes-Benz-ის ექსპერიმენტალურ ქვედანაყოფში დაიწყო მუშაობდა. მისი პირველი დავალება, მსოფლიოში პირველი სერიული დიზელის ძრავიანი მსუბუქი ავტომობილის Mercedes 260D-ის სერიული წარმოებისთვის მომზადება გახდა.

 

1936 წელს ულენჰაუტი კომპანიის სარბოლო განყოფილების ხელმძღვანელის პოსტზე გადაიყვანეს. იმ ხანებში Mercedes-ის მთელი ძალისხმება Mercedes W25 ბოლიდის „მოთვინიერებაზე“ იყო გადაყანილი. მაღალ სიჩქარეებზე პილოტები „ვერცხლისფერი ისრის“ მართვადობას უჩიოდნენ.

 

 

ავტომობილის კონსტრუქციაში არსებული ხარვეზების აღმოჩენისთვის, რუდოლფმა W25-ის საჭესთან არაერთი საათი გაატარა. ის ბოლიდს ნიურბურგრინგზე მაქსიმალურ სიჩქარეზე დააქროლებდა და ხარვეზების გამოსწორების გზებს ეძებდა.

 

არაერთგზის გადაკეთების და გაუმჯობესების შედეგად, სრულიად ახალი „ვერცხლისფერი ისარი“  W125-ი შეიქმნა, რომელიც 1937 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა. საბაზო მოდელისგან განსხვავებით, ახალ W125-ს გაცილებით მარტივი და ამავდროულად საიმედო შასი ჰქონდა. 5,66 ლ მოცულობის 8 ცილინდრიანი ძრავა 650 ცხ.ძალა სიმძლავრეს ანვითარებდა. საწვავის სახით ბენზინის და სპირტის ნარევი გამოიყენებოდა. შემდეგ მოდელს - W154-ი უკვე 700 ცხ.ძალა სიმძლავრის 12 ცილინდრიანი ძრავა ჰქონდა. 1938 წლის სეზონში ამ „ვერცხლისფერ ისარს“ ბადალი არ ჰყავდა.

 

 

რბოლას რუდოლფ ულენჰაუტი ერთობ განსაკუთრებული კუთხით უდგებოდა და თეორიულ გათვლებს დიდ ყურადღებას უთმობდა. ტრეკის დეტალური რუკის ზუსტი შესწავლის შემდეგ ის თეორიული გათვლების საფუძველზე, ტრასის ყოველი უბნისთვის მაქსიმალურ და მინიმალურ დასაშვებ სიჩქარეებს საზღრავდა. ითვლიდა მოსახვებებში შესვლის ოპტიმალურ სიჩქარეს და ტრაექტორიას. მათემატიკური ანგარიშებისას ის კონკრეტული ავტომობილის დინამიკურ შესაძლებლობებს და აეროდინამიკულ მახასიათებლებს ეყრდნობოდა.

 

საგულისხმოა, რომ სწორედ ეს თეორიული გათვლები დაედო საფუძვლად ულენჰაუტის ახალ პროექტს - ლეგენდარულ W198-ს, რომელმაც მსოფლიო აღიარება 300 SL ნიშნულით მოიპოვა. ძარას კონსტრუქციული თავისებურებების გამო, ავტომობილში მოხვედრისთვის რუდოლფმა კარების გაღება-დახურვის სქემა შეცვალა. ამიერიდან ის ზემოთ იღებოდა. კონსტრუქციას „თოლიას ფრთა“ უწოდეს. შემდგომ ის Mercedes-ის არაერთ მოდელზე გამოუყენეს.

 

 

ავტომობილის კონსტრუქციის საფუძველს ფოლადის მილებისგან დამზადებული მასიური ჩარჩო წარმოადგენდა, რომელზეც მაგნიუმის შენადნობის პანელები მაგრდებოდა. 300 SL-ის კაპოტის ქვეშ 8 ცილინდრიანი 310 ცხ.ძალის სიმძლავრის ძრავა იყო განთავსებული.

 

რბოლაში მონაწილეობისთვის Mercedes-ის გუნდმა ორადგილიანი ღია კონსტრუქციის მოდელი 300 SLR-ი შექმნა. მისი ძრავა 300 SL-ის ანალოგიური იყო თუმცა მრავალკომპონენტიან საწვავზე მუშაობდა. სიმძლავრის მაქსიმალური რეალიზებისთვის ავზში სპეციალურ ნაზავს ასხამდნენ - 75 % მაღალოქტანური ბენზინი, 15 % მეთანოლი და 10 % ბენზოლი. საშტატო ავზი 165 ლ საწვავს იტევდა (100 კმ-ზე ავტომობილი 35 ლ-ს მოიხმარდა). 1 000 მილიან რბოლაში Mille Miglia მონაწილეობისთვის ავტომობილზე დამატებით 350 ლიტრიან ავზს ამაგრებდნენ.

 

 

1955 წლის რბოლაში ერთდროულად 4 Mercedes 300 SLR-ი მონაწილეობდა. 1 609 კმ-ის გავლის შემდეგ ფინიშის ხაზი პირველმა სწორედ 300 SLR-მა გადაკვეთა საბორტო ნომრით „722“. ავტომობილს სტირლინგ მოსი მართავდა. 1 609 კმ-ის გავლას მან რეკოკრდულად მცირე დრო - 10 სთ 7 წთ და 48 წმ მოანდომა.

 

ცნობილი „ლურჯი სასწაულის“ შექმნის იდეაც ულენჰაუტს ეკუთვნის. ტრეკიდან ტრეკზე ან ტრეკიდან ავტოქარხანაში ბოლიდების სწრაფი გადატანისთვის, მან 1954 წელს სპეციალური სატვირთო ავტომობილი Mercedes-Benz Renntransporter-ი შექმნა. Mercedes-ს ახალი ქმნილება სერიული ავტომობილების დეტალების და კვანძების გამოყენებით დამზადდა. შასის სახით კუპე Mercedes 300S W188-ის დაგრძელებული პლატფორმა აიღეს, კაბინაში Mercedes-Benz 180 W120-ის ელემენტები იყო გამოყენებული, ძალური დანადგარი კი - 300 SL Gullwing-სგან იყო ნასესხები. ხასხასა ლურჯ ფერში შეღებილ გადამზიდავს, რომელიც მასზე მოთავსებული ბოლიდით 160 კმ/სთ-ს ანვითარებდა „ლურჯი სასწაული“ შეარქვეს.

 

 

1955 წელს ლე მანზე მომხდარი საშინელი ავარიის შემდეგ, რომელსაც 83 ადამიანი ემსხვერპლა,  Mercedes-ის სარბოლო პროგრამა დახურეს. საქმის გარეშე დარჩენლმა ულენჰაუტმა 300 SLR-ის ბაზაზე გრან ტურიზმოს კლასის ავტომობილი შექმნა, რომელსაც  Uhlenhaut Coupe უწოდეს. პირველ ეტაპზე სარბოლო პროტოტიპისგან ის მხოლოდ დახურული ძარით გამირჩეოდა. შემდგომ ეტაპზე ცვლილებები ძრავას და სავალ ნაწილსაც შეეხლო.

 

 

1959 წელს შექმნილ სამოქალაქო ავტომობილების ქვედანაყოფს რუდოლფ ულენჰაუტი 1972 წლამდე უძღვებოდა. მის მიერ შემუშავებული დიზაინერული და კონსტრუქციული გადაწყვეტილებები დღესაც აქტუალურია.

 

 

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია