Toyota და იაპონიის კოსმოსური სააგენტო 2029 წელს მთვარეზე უზარმაზარ მავალს გაუშვებენ

დაახლოებით ათი წლის შემდეგ, ასტრონავტებმა მთვარეზე შესაძლოა Toyota-ს მავალით იარონ.


ავტომწარმოებელმა და იაპონიის კოსმოსურმა სააგენტომ (JAXA) ხელი მოაწერეს სამწლიან შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ერთობლივად უნდა შექმნან მთვარის ჰერმეტული მავალი.

 


„სამი წლის განმავლობაში ერთობლივი მუშაობით, JAXA და Toyota შექმნიან და გამოსცდიან პროტოტიპებს, რათა საბოლოოდ შეიქმნას პილოტირებული, ჰერმეტული მთვარის მავალი; საერთაშორისო პროექტის ფარგლებში მოხდება მთვარის ზედაპირის შესწავლა“, — ნათქვამია Toyota-ს განცხადებაში.


შეთანხმება ძალაში ივნისიდან შევიდა და 2021 წლის ბოლომდე იმოქმედებს.


1 ივლისს Toyota-მ შექმნა სპეციალური დეპარტამენტი სახელად Lunar Exploration Mobility Works-ი, სადაც 30 ადამიანი იმუშავებს.

 


თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, 2022 წლისთვის JAXA-ს და Toyota-ს უკვე შექმნილი ექნებათ სრულფასოვანი პროტოტიპი, 2027 წლისთვის კი საბოლოო მოდელი.


მთვარეზე გაშვება 2029 წლისთვის არის დაგეგმილი.


„მავალს გამოიყენებენ მთვარის პოლარულ რეგიონებში გაგზავნილი მისიები, რომელთა მიზანიც იქაურობის შესწავლა და მთვარის რესურსების გამოყენების შესაძლებლობის კვლევა იქნება; მათ შორის არის გაყინული წყალი“, — აღნიშნულია Toyota-ს განცხადებაში.


მთვარის ამ მავალით შეიძლება რამდენიმე სხვა მომხმარებელიც დაინტერესდეს.

 


მაგალითად, 2024 წლისთვის მთვარის სამხრეთ პოლუსზე ასტრონავტების გაგზავნას გეგმავს NASA. გარდა ამისა, მომდევნო წლებში NASA-ს გეგმებში ასევე შედის იქ სადგურის დაარსება. იგივე მიზნები აქვს ევროპის კოსმოსურ სააგენტოსაც (ESA). ევროპელებს მთვარის სამხრეთ პოლუსზე „სოფლის“ გაშენებაც სურთ.

 


მთვარის სამხრეთ პოლუსის სიახლოვეს წყლის ყინულის მოპოვებას გეგმავს რამდენიმე კერძო კომპანიაც; როგორც ბოლო დროს დადგინდა, იქ არსებულ მუდმივად დაჩრდილულ კრატერებში წყლის ყინული უხვად არის. ამ წყლის გამოყენება შესაძლებელია ასტრონავტებისთვის, წყალბადად და ჟანგბადად დაშლის შემდეგ კი რაკეტის საწვავად.

© სან პეტროლიუმ ჯორჯია