ავტომობილის საბურავების ევოლუცია

ბორბალი კაცობრიობის ისტორიაში უდაოდ ყველაზე მნიშვნელოვანი გამოგონებაა. დღემდე მოღწეული პირველი ნიმუშები ჩვენი წელთაღრიცხვით V-ე საუკუნით თარიღდება. მას შემდეგ ბორბალმა ევოლუციის დიდი გზა გაიარა.

 

 

1888 წელს შოტლანდიელმა ჯონ ბოიდ დანლოპმა პირველი გასაბერი საბურავი გამოიგონა. ხის თვლებზე პროფესიით ვეტერინარმა დანლოპმა რეზინის მილები დაამაგრა და საკუთარი გამოგონება სამთვლიან ველოსიპედზე გამოსცადა. ხის კონსტრუქციასთან შედარებით, რეზინით დაფარული ბორბალი გადაადგილებისას გაცილებით კომფორტული იყო. ასე ჩაეყარა საფუძველი პნევმოსაბურავებს.

 

დროთა განმავლობაში დანლოპის გამოგონება დაიხვეწა. 1890 წელს ჩარლს უელტჩმა რეზინის მდგრადობის გაზრდისთვის საბურავის გვერდითა კედლებში რკინის მავთულების გამოყენება დაიწყო. 1904 წელს კომპანიებმა Firestone და Goodyear Tire Company ასეთივე მავთულების გამოყენება საბურავის პროტექტორიან ნაწილშიც დაიწყეს.

 

უპირატესობის მიუხედავად, პნევმოსაბურავები ერთი მეტად მნიშვნელოვანი ნაკლით ხასიათდებოდნენ. მჭრელი და ბასრი საგნებით გაჭრილი რეზინიდან ჰაერი გარეთ გამოდიოდა. სამოქალაქოებისგან განსხვავებით, სამხედრო ავტომობილებში ასეთი დაზიანებები სახიფათო იყო. ბრძოლისას საბურავების მთავარი მტერი მოწინააღმდეგის ტყვიები და ნამსხვრევებია.

 

1934 წელს Michelin Tire Co-იმ სპეციალური საბურავი შეიმუშავა. მის ვერტიკალურ კედლებზე შიდა მხრიდან დამატებითი ელემენტები მაგრდებოდა, რომლებსაც ტყვია უნდა შეეჩერებინა. ეფექტურობის მიუხედავად, დიდმა ღირებულებამ ამ გამოგონების გავრცელებას ხელი შეუშალა.

 

 

სამხედრო საბურავებზე სსრკ-შიც მუშაობდნენ. 1920-იანი წლების დასაწყისში წითელი არმიის თვლიან საბრძოლო ტექნიკაზე ე.წ. „გუსმატიკის“ ტიპის საბურავების დაყენება დაიწყეს. „გუსმატიკი“ შიგნიდან ერმანეთთან გარკვეული პროპორციით შერეული გლიცერინისა და ჟელატინის ნაზავით იყო შევსებული. ტყვიის მოხვედისას, ჰაერიანი ვარიანტისგან განსხვავებით, ბლანტი სითხით სავსე საბურავი გაცილებით ნელა იშვებდა. ეს გამოგონება პეტროგრადელ ქიმიკოს ა. გუსს ეკუთვნის.

 

წითელ არმიაში „გუსმატიკები“ დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ. მათ БА სერიის რიგ ჯავშანავტომობილებზე და ბუქსირებად ქვემეხებზე იყენებდნენ. მათ შორის მეორე მსოფლიო ომის დროსაც.

 

 

დღეს ტყვიამედეგი საბურავების თემატიკა კვლავ აქტუალურია. ბოლო წლებში დიდი პოპულარობით Run-flat-ის სისტემა სარგებლობს. ამ ტიპის თვლებში ფოლადის დისკზე მაღალი სიმტკიცის პლასტმასისგან დამზადებულ დამატებით რგოლს ამაგრებენ. რეზინის საბურავის დაზიანების და მისი დაშვების შემთხვევაში, მანქანის წონა ამ დამატებით რგოლს გადაეცემა. მისი გამოყენებით გადაადგილება საბურავში წნევის 0-მდე დავარდნის შემთხვევაშიც შეიძლება.

 

ზუსტად ასეთი - Run-flat-იანი ბორბლებია გამოყენებული ქართული წარმოების „დიდგორის“ ტიპის ჯავშანავტომობილზე და მის სამედიცინო მოდიფიკაციაზე Didgori MedEvac.

 

 

ტყვიამედეგი საბურავების სფეროში რადიკალური სიახლე 2005 წელს Michelin-მა წარმოადგინდა. ახალი Tweel-ის განსაკუთრებულობა მის ინოვაციურ კონსტრუქციაშია. მეტალის დისკს და სხმული რეზინის პროტექტორიან რგოლს ერთმანეთთან გარკვული კანონზომიერებით განლაგებული ჩხირები აკავშირებენ. ასეთი ბორბალი და საბურავი ჰაერს არ საჭიროებს. ნაწილობრივ Tweel-ი ველოსიპედის ბორბლის პრინციპს იმეორებს.

 

 

სამხედროსთან ერთად, რადიკალური ცვლილებები სამოქალაქო ბაზრისთვის განკუთვნილ ავტომობილების საბურავებშიც შეიმჩნევა. კომპანია Good Year-მა პროექტი Intelli Grip Urban-ი წარმოადგინა. ეს საბურავი ავტოპილოტით აღჭურვილი ავტომობილებისთვისაა განკუთვნილი. რეზინაში მოთავსებული დეტექტორები გზის საფარის ხარისხს და მასთან მოჭიდების სიდიდეს ავტომატურად გააკონტროლებენ. ამ ინფორმაციის ავტომობილის კომპიუტერში გადაგზავნის შემდეგ, ეს უკანასკნელი დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებას გადაადგილების სიჩქარის შესახებ. გარდა ამისა საბურავი ავტომობილის მფლობელს მიაწვდის ინფორმაციას რეზინის ცვეთის შესახებ.

 

 

ტექნოლოგიური პროგრესის ფონზე გულხელდაკრეფილები არც Bridgestone-ის სპეციალისტები ზიან. კომპანიამ უჰაერო Airless-ის ტიპის საბურავები პირველად ჯერ კიდევ 2011 წელს წარმოადგინა. თუმცა მას შემდეგ არაერთხელ გააუმჯობესა და დიზაინიც შეუცვალა. უკანასკნელი ვარიანტის ცენტრალური ნაწილი (რეზინის საფარის გარდა) მთლიანად 3D პრინტერზეა დაბეჭდილი.

 

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია