მსოფლიოს ორმოც ქვეყანას იაპონიისა და ევროკავშირის მეთაურობით, სურთ, რომ ახალი მანქანები და მსუბუქი კომერციული სატრანსპორტო საშუალებები შემდეგი წლიდან აღჭურვილი იყოს მოწინავე საგანგებო სამუხრუჭე სისტემით (AEB).
მიუხედავად იმისა, რომ აშშ, ჩინეთი და ინდოეთი გაეროს იმ ფორუმის წევრები არიან, რომელმაც ეს ახალი რეგულაციები მიიღო, ისინი მოლაპარაკებებში არ მონაწილეობენ იმ მიზეზით, რომ „მათი ეროვნული რეგულაციები უკვე სჯობს გაეროს წესებს ავტოინდუსტრიასთან დაკავშირებით.“
AEB სისტემით ახალი მანქანების აღჭურვა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოებას, განსაკუთრებით ქალაქებში. მაგალითად, მხოლოდ ევროკავშირში, 2016 წელს ფატალური შედეგებით დასრულდა 9500 ავტოსაგზაო შემთხვევა, რაც გზებზე სიკვდილიანობის საერთო მაჩვენებლის 38%-ს შეადგენს. ურბანულ ზონაში უბედურ შემთხვევათა მსხვერპლის 50%-ს მძღოლები შეადგენენ, 40%-ს კი ქვეითები.
საინტერესოა, რამდენად უსაფრთხო გახდება გზები ამ ახალ რეგულაციათა ამოქმედების შემდეგ? ორგანიზაცია EuroNCAP-ისა და ავსტრალიური NCAP-ის კვლევის თანახმად, AEB სისტემები დაბალ სიჩქარეზე 38%-ით ამცირებს წინა და უკანა შეჯახების შემთხვევებს. ამავე დროს, ევროკომისია ვარაუდობს, რომ ეს სისტემა მხოლოდ ევროკავშირში წელიწადში 1000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს.
გაეროს ახალი რეგულაცია აწესებს „მკაცრ და საერთაშორისოდ ჰარმონიზებულ მოთხოვნებს დაბალი სიჩქარის AEB სისტემის გამოყენებასთან დაკავშირებით (60 კმ/სთ ან ნაკლები). ეს მოთხოვნები გავრცელდება მხოლოდ იმ ქვეყნების ბაზრებზე, რომელთა ხელისუფლებებმაც შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ავტომობილთა ამჟამინდელ მფლობელებს თავიანთი მანქანების გადაკეთება არ მოუწევთ; აღსანიშნავია ისიც, რომ მრავალი ქვეყნის საავტომობილო ბაზარზე AEB სისტემა უკვე ხელმისაწვდომია.
რეგულაციების კანონპროექტი გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) სატრანსპორტო საშუალებათა რეგულაციების ჰარმონიზაციის ფორუმმა მიიღო. შემდეგი ნაბიჯი იქნება მისი მსოფლიო ფორუმისთვის წარდგენა და 2019 წლის ივნისში დამტკიცება.
მიღების შემდეგ, ახალი რეგულაციები ძალაში პირველად იაპონიაში შევა არაუგვიანეს 2020 წლის დასაწყისისა. ამის შემდეგ, AEB სისტემა 2022 წლიდან სავალდებულო გახდება ყველა ახალი მანქანისა და მსუბუქი კომერციული სატრანსპორტო საშუალებისათვის.
რაც შეეხება აშშ-ს, ხელისუფლებას უკვე აქვს შეთანხმება 20 ავტომწარმოებელთან, რომლის მიხედვითაც, 2022 წლის სექტემბრიდან, მათ მიერ წარმოებული ყველა ახალი მანქანა AEB სისტემით უნდა იყოს აღჭურვილი. თუმცა, შეთანხმების შესრულება სავალდებულო არ არის. მიუხედავად ამისა, 20 ავტომწარმოებლიდან საკუთარი მოდელების ნახევარზე მეტში ეს სისტემა უკვე სტანდარტად დანერგა რამდენიმემ, მათ შორის არის Tesla, Mercedes, Toyota და Volvo.