Audi მფრინავი მანქანების პროტოტიპებს ტესტავს

გერმანიის ხელისუფლებამ Audi-სა და Airbus-ს ქალაქ ინგოლშტადტში საჰაერო ტაქსის პროტოტიპების ტესტირების ნებართვა მისცა. ორმა კომპანიამ უკვე წარმოადგინა ორადგილიანი მფრინავი მანქანის კონცეპტი, რომელსაც დრონის მსგავსი პროპულსიის სისტემა აქვს.


თუ ტესტირება წარმატებით დასრულდა, გერმანიის ქალაქებში შესაძლოა, სამუდამოდ დასრულდეს გადატვირთული გზების ეპოქა. გარდა ამისა, მფრინავმა ტაქსებმა შეიძლება, კიდევ უფრო გაზარდოს გერმანიის მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის პოტენციალი. ამის შესახებ გამოცემა Autonews-ი გერმანიის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

„მფრინავი ტაქსები სულაც აღარ არის ფანტასტიკის სფერო, მათ შეუძლიათ გადაგვიყვანონ მობილობის სრულიად ახალ განზომილებაში. ისინი უზარმაზარ შესაძლებლობას წარმოადგენს კომპანიებისა და ახალბედა სტარტაპებისთვის, რომლებმაც ეს ტექნოლოგია უკვე ძალიან კონკრეტულად და წარმატებით განავითარეს“, — აღნიშნავს გერმანიის ტრანსპორტის მინისტრი ანდრეას შოიერი.

Audi-სა და Airbus-ის მიერ წარმოდგენილ კონცეპტს Pop.Up Next-ი უწოდეს. მისი პროპულსიის სისტემა აღჭურვილია ოთხი მოზრდილი ტურბინისგან, რომელთაგან თითოეულს ვერტმფრენის რვა ფრთა აქვს. თავის მხრივ, თითოეულ ფრთას 26 ცხენის ძალიანი ძრავი ამუშავებს, რომელიც 70-კილოვატიანი ბატარეებით იკვებება.

საერთო ჯამში, მფრინავ მოდულს 214 ცხენის ძალა აქვს და შეუძლია მაქსიმუმ 120 კმ/სთ სიჩქარის განვითარება. გარბენის დიაპაზონი 50 კილომეტრია, რომლის დაფარვის შემდეგაც, საჭიროა ხმელეთზე დაჯდომა და დატენვა. ბატარეების სრულად დასამუხტად 15 წუთია საჭირო.

რა თქმა უნდა, Audi ერთადერთი ავტომწარმოებელი არ არის, რომელიც ინვესტიციას მსგავს ტექნოლოგიებში დებს. მფრინავ საავტომობილო მოწყობილობებზე აქტიურად მუშაობენ Daimler-ი და Volvo-ც.

© სან პეტროლიუმ ჯორჯია