Tesla-ს პირველი ევროპული გიგაფაბრიკა გერმანიაში აშენდება

ორი კვირის წინ, კომპანია Tesla-მ დაადასტურა, რომ ჩინეთის ქალაქ შანხაიში გიგაფაბრიკას (Gigafactory) ააშენებს. ამჯერად, აღმასრულებელი დირექტორი ელონ მასკი აცხადებს, რომ ევროპაში პირველი გიგაფაბრიკა სავარაუდოდ გერმანიაში აშენდება.


მასკი გამოეხმაურა Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტს, რომელშიც საუბარი იყო, რომ გიგაფაბრიკის ასაშენებლად საუკეთესი ადგილი გერმანიაა.

„გერმანია ევროპაში წამყვანი არჩევანია. სავარაუდოდ, ეს იქნება გერმანია-საფრანგეთის საზღვარი, ბენილუქსის ქვეყნებთან ახლოს“, — წერს მასკი.

ახალი გიგაფაბრიკის განთავსების ადგილად გერმანიის შერჩევა აზრს მოკლებული ნამდვილად არ არის, რადგან Tesla უკვე ოპერირებს ქალაქ პრუემში, ბელგიის საზღვრიდან 30 კილომეტრში. საუბარია Tesla-ს გროჰამის საინჟინრო დანაყოფზე, რომელიც სპეციალიზებულია ავტომატური წარმოების სისტემებზე. ბოლო თვეებში, ამ საწარმომ წამყვანი როლი ითამაშა Model 3-ის წარმოების დაჩქარებაშიც.

Tesla ერთადერთი კომპანია არ არის, რომელიც ავტომობილთა ბატარეების წარმოებას გერმანიაში არჩევს. Reuters-ის ცნობით, ბატარეების საწარმოს მშენებლობის საკითხზე, გერმანიის თიურინგიის ფედერალურ მიწასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს ჩინური კომპანია Contemporary Amperex Technology-ც (CATL).

 

ცოტა ხნის წინ, CATL-ს, LG Chem-სა და Samsung-ს კომპანია Volkswagen-მა 25$ მილიარდის ღირებულების ბატარეები დაუკვეთა სამომავლო ელექტრომობილთათვის.

Tesla-ს გიგაფაბრიკის ამბიციები მხოლოდ ევროპით და აზიით როდი შემოიფარგლება. კომპანიის განცხადებით, სულ მცირე ერთი საწარმოს გახსნა იგეგმება სხვა კონტინენტზეც.

Tesla-ს პირველი გიგაფაბრიკა 1-ს მშენებლობა ამჟამად ნევადაში მიმდინარეობს. საწარმოში 3$ მილიარდიანი ინვესტიცია Panasonic-მა ჩადო. Tesla-ს სჯერა, რომ ეს ფაბრიკა შეამცირებს ბატარეების ფასს და სამომავლო მოდელებს მნიშვნელოვნად ხელმისაწვდომს გახდის.

© სან პეტროლიუმ ჯორჯია