ელექტრომობილებმა შესაძლოა, გერმანიაში 75 000 სამუშაო ადგილის დაკარგვა გამოიწვიოს

გერმანიის სავაჭრო კავშირისა და ავტოინდუსტრიის ერთობლივი, ახალი კვლევის მიხედვით, ელექტრომობილებზე გადასვლა მხოლოდ გერმანიაში გამოიწვევს 75 000 სამუშაო ადგილის დაკარგვას. საქმე ეხება ძრავებისა და გადაცემათა კოლოფების წარმოებაში დასაქმებულ ადამიანებს.

ფრანჰოფერის ინუსტრიული ინჟინერიის ინსტიტუტის მონაცემებით, რომელმაც კვლევა ჩაატარა, ქვეყანაში არსებული სამუშაო ადგილებიდან 840 000 ადგილი საავტომობილო ინდუსტრიაზე მოდის; მათგან 210 000 ადგილი ძრავებისა და გადაცემათა კოლოფების წარმოებას ეკუთვნის.

კვლევას მონაცემები მიაწოდეს ისეთმა ავტომწარმოებლებმა, როგორებიცაა Daimler-ი, Volkswagen-ი, BMW, Bosch-ი, ZF-ი და Schaeffler-ი. მათივე ცნობით, ელექტრომობილების წარმოებას დაახლოებით 30%-ით ნაკლები დრო სჭირდება, ვიდრე შიდაწვის ძრავიანს.



Volkswagen-ის წარმომადგენლის განცხადებით, ამის მიზეზი ის არის, რომ ელექტროძრავებს შიდა წვის ძრავების კომპონენტთა მხოლოდ ერთი-მეექვსედი აქვს.

კვლევის მიხედვით, თუკი 2030 წლისთვის გერმანიაში მანქანების 25 პროცენტი ელექტრო იქნება, 15 პროცენტი ჰიბრიდი, 60 პროცენტი კი ბენზინისა და დიზელის, საფრთხის ქვეშ დგება 75 000 სამუშაო ადგილი. მაგრამ თუ ელექტრომობილები კიდევ უფრო პოპულარული გახდება, საფრთხე უკვე 100 000-ზე მეტ სამუშაო ადგილს დაემუქრება.

Volkswagen-ის წარმომადგენლის თქმით, პრობლემა იმაშია, რომ ბატარეების საწარმოს ხუთჯერ უფრო ნაკლები სამუშაო ძალა სჭირდება, ვიდრე ტრადიციული ძრავების ქარხანას.

„2030 წლისთვის, სამგზავრო ავტომობილის გამწევი ნაწილის წარმოების სფეროში არსებული ყოველი მეორე სამუშაო ადგილი პირდაპირ თუ ირიბად საფრთხის ქვეშ მოექცევა ელეტრომობილების მხრიდან. საჭიროა, პოლიტიკოსებმა და ინდუსტრია, დროულად შეადგინონ სტრატეგიები ამ გარდამავალი ეტაპის სამართავად“, — აღნიშნავს გერმანიის სავაჭრო კავშირის წევრი კომპანია IG Metall-ი.

კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ გერმანია განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოს ჩინელ, იაპონელ და კორეელ კონკურენტთათვის ტექნოლოგიების მიცემისას.

© სან პეტროლიუმ ჯორჯია