BMW Z4-ს იგივე კომპანია ააწყობს, რომელიც Mercedes G-Wagen-ს უშვებს

2016 წელს მრავალი გამოცემა იუწყებოდა, რომ ავსტრიული საკონტრაქტო მწარმოებელი კომპანია Magna Steyr-ი ააწყობდა BMW-ს Z4-ს და Toyota-ს პლატფორმა Supra-ს. რამდენიმე დღის წინ, საბოლოოდ დადასტურდა, რომ BMW-ს ახალ მოდელს სწორედ Magna ააწყობს ავსტრიის ქალაქ გრაცის ქარხანაში.



Z4-ის აუთსორსინგი საკონტრაქტო მწარმოებელზე BMW-მ მრავალი სხვადასხვა მიზეზის გამო მოახდინა. პირველ რიგში, ავტომწარმოებელმა იცის, რომ ეს ორადგილიანი მანქანა დიდი რაოდენობით არ გაიყიდება და საკუთარ ქარხანაში მისმა აწყობამ შესაძლოა, ზედმეტი სირთულეები გამოიწვიოს. რომ არა კომპანია Magna Steyr-ი, არ არის გამორიცხული, BMW-ს საერთოდაც უარი ეთქვა Z4-ის გამოშვებაზე.

1979 წლიდან Magna Steyr-ი აწარმოებს მსოფლიოს ყველაზე მხცოვან ოფროუდ ავტომობილს, Mercedes G-Wagen-ს. ამ დროის განმავლობაში, აწყობილი აქვს 300 000-ზე მეტი ერთეული.

წლების განმავლობაში, Magna-ს მიერ აწყობილია ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებული ავტომობილები, მათ შორის Mini Paceman, Chrysler 300C და Aston Martin Rapide. მაგრამ ავტომოყვარულთათვის ყველაზე სასაცილო ის ფაქტია, რომ G-Wagen-ი და Z4 ერთსა და იმავე ქარხანაში აიწყობა.

გავრცელებული ცნობის მიხედვით, Magna Steyr-ი ასევე ააწყობს Supra-ს. კომპანია ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებს.

© სან პეტროლიუმ ჯორჯია