Honda-მ ახალი, ბიზნეს-კლასის თვითმფრინავი წარმოადგინა

ავტომობილების, მოტოციკლებისა და გაზონის სათიბების ცნობილი მწარმოებელი Honda თვითმფრინავების წარმოებას ახალი ძალებით  უბრუნდება. რამდენიმე დღის წინ, ჟენევაში, ევროპის ბიზნეს-ავიაციის კონფერენციასა და გამოფენაზე (EBACE), Honda Aircraft Company-მ წარმოადგინა ახალი თვითმფრინავი, HondaJet Elite.



თავდაპირველმა HondaJet-მა აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციისგან სერტიფიცირება 2015 წელს მიიღო და წარმოებაც სულ მალე დაიწყო. გამოფენაზე წარმოდგენილი ახალი თვითმფრინავის დიაპაზონი 1437 საზღვაო მილია (2661 კმ), რაც თავდაპირველ HondaJet-ისას 17%-ით აღემატება. Honda-ს განცხადებით, იგი წარმოადგენს „ყველაზე შორს მფრენ ხომალდს მის კლასში“.

„HondaJet Elite აგრძელებს Honda Aircraft-ის ტრადიციას, რომლის მთავარი პრიორიტეტია შესრულება, ეფექტიანობა და ახალი ღირებულებების შექმნა ბიზნეს-ავიაციაში. ინოვაციების, დიზაინისა და ინჟინერიის შედეგად, ჩვენი თვითმფრინავი გამოირჩევა შესრულებისა და კომფორტის ისეთი მახასიათებლებით, რომლებიც ავიაციაში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს“, ­— აღნიშნავს Honda Aircraft Company-ს პრეზიდენტი მიჩმასა ფუჯინო.

Aviation Week-ის ინფორმაციით, საჰაერო ხომალდის მაქსიმალური სიჩქარე 781 კმ/სთ-ია, ფრენის სიმაღლე კი 13 100 მეტრი. აღჭურვილია GE Honda HF120 ძრავებით, რომლებიც ასევე შეიცავს ხმაურის ჩამხშობებს. ფუჯინოს განცხადებით, HondaJet Elite-ის გაყიდვები აგვისტოში დაიწყება და მისი ფასი 5,25$ მილიონი იქნება.

Honda-ს ახალი ბიზნეს-თვითმფრინავი გამოირჩევა მდიდრული ინტერიერით. მას შემდეგ, რაც სამი წლის წინ კომპანიამ საავიაციო ინდუსტრიაში შეაბიჯა, მალევე ცხადი გახდა, რომ Honda ამ სფეროში ფეხის მოკიდებას აქტიურად გეგმავს.

© სან პეტროლიუმ ჯორჯია