Jaguar-ი ელექტრო ჰიპერქარის გამოშვებას გეგმავს

Jaguar-ი პირველ რიგში მდიდრული და მოწინავე ავტომობილებითაა განთქმული. მაგრამ ამასთან ერთად, ხანდახან სპორტულ მანქანებსაც აწარმოებს, სუპერქარებსაც კი. თუკი ბოლო დროს გავრცელებულ ხმებს დავუჯერებთ, შესაძლოა, მალე Jaguar-ისგან ელექტრო ჰიპერქარიც ვიხილოთ.



„ელექტრომობილი ძალიან დახვეწილი გადაწყვეტილებაა ავტომობილისთვის. ის გარკვეულწილად გარდამავალია ქალაქის მანქანიდან ჰიპერქარისაკენ. თუკი ხალხს მიაჩნია, რომ ელექტრომობილებს უფრო მეტი დადებითი აქვს, ვიდრე უარყოფითი, რატომ არ უნდა წავიდეთ წინ?  რატომ არ უნდა ვიმუშაოთ ჰიპერქარზე?“ — უთხრა გამოცემა Motoring-ს Jaguar-ის ინჟინერიის მენეჯერმა დეივ შოუმ.

Jaguar-ის საშუალო ძრავიანი სუპერქარის ისტორია სათავეს 1990-იანი წლების დასაწყისში, XJR-15-ით იღებს. აღჭურვილი იყო 6.0 ლიტრიანი V12 ძრავითა და ნახშირბადის ბოჭკოვანი შასით; გამოვიდა მხოლოდ 53 ეგზემპლარი.

ამ მოდელს მოჰყვა ლეგენდარული XJ220. თავდაპირველი ჩანაფიქრის მიხედვით, მას უნდა ჰქონოდა V12 ძრავი და ოთხივე წამყვანი თვალი, მაგრამ საბოლოოდ, აღიჭურვა 3,5-ლიტრიანი ორმაგი ტურბო V6 ძრავითა და უკანა წამყვანი თვლებით. იგი დღემდე რჩება იმ დროის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ სუპერქარად. გამოვიდა სულ 281 ეგზემპლარი.



ამჟამად ინდური Tata group-ის პატრონაჟის ქვეშ მყოფმა კომპანიამ 2010 წელს წარმოადგინა C-X75-ის კონცეპტი. მოდელს უნდა ჰქონოდა მოწინავე ტურბინა-ჰიბრიდული სისტემა, მაგრამ საბოლოოდ, პროექტი შეიცვალა და აღიჭურვა ძლიერ სპეციფიკური გამავლობის 1,6-ლიტრიანი ორმაგი ოთხცილინდრიანი ჰიბრიდული ძრავით. თუმცა, მიუხედავად რამდენიმე პროტოტიპისა, რომელთაგან ზოგიერთი ჯეიმს ბონდის ფილმ „სპექტრშიც“ გამოჩნდა, ეს მოდელი წარმოებაში არასოდეს ჩაშვებულა.

ამ დროისთვის უცნობია, როგორი ელექტრო ჰიპერქარი შეიძლება გამოუშვას Jaguar-მა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ კომპანიის გამოცდილებას, ურიგო ნამდვილად არ უნდა გამოუვიდეს.

© სან პეტროლიუმ ჯორჯია