საბერძნეთში, ავტოპილოტოთ მოსიარულე Tesla Model 3 ჯებირს შეეჯახა

25 მაისს, ჩრდილოეთ საბერძნეთში Tesla Model 3-ს ავარია შეემთხვა. გავრცელებული ინფორმაციით მანქანა ავტოპილოტით მოძრაობდა. აღსანიშნავია, რომ ეს ამ მოდელის მსოფლიოში პირველი ავარიაა, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის ფარგლებს გარეთ მოხდა.



მანქანის მფლობელმა, კალიფორნიელმა მძღოლმა იუ იუ ჰუემ ექვს თვეში, თავის ახალი Model 3-ით უკვე გაიარა 25 ქვეყანა და დაფარა 39 000 კილომეტრი.

მძღოლის განცხადებით, მას ავტოპილოტი ჰქონდა ჩართული და მაქსიმალური ლიმიტით, 120 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა, როდესაც Model 3-მა გაფრთხილების გარეშე მარჯვნივ, გზატკეცილის საზღვრისკენ გადაუხვია. ჰუეს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მას ცალი ხელი მაინც საჭეზე ეკიდა, გზას დიდ ყურადღებას არ აქცევდა. იგი დაუყოვნებლივ შეეცადა მანქანის კურსის შეცვლას, მაგრამ ამაოდ, ავტომობილი ჯებირს მაინც შეასკდა.

როგორც მძღოლი აღნიშნავს, ამინდი მშრალი იყო, მის ირგვლივ არც სხვა ავტომობილები მოძრაობდნენ. გზატკეცილს თითოეული მიმართულებით ორი ზოლი ჰქონდა, რომლებსაც ერთმანეთისგან ბეტონის ბარიერი ჰყოფდა.

ჰუეს თქმით, მას ღვედი ჰქონდა შეკრული და შეჯახებისას არ დაშავებულა. არ გახსნილა არც უსაფრთხოების ბალიშები.

კომპანია Tesla დაჟინებით მოითხოვს, რომ უკიდურესად აუცილებელია, მართვისას მძღოლებს ორივე ხელი საჭეზე ეკიდოთ და ნებისმიერ დროს მზად იყვნენ, რათა მანქანაზე კონტროლი აიღონ. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯერ არაა გაცემული სათანადო ნებართვა Model 3-ის მართვისთვის აშშ-ისა და კანადის საზღვრებს მიღმა.

საბერძნეთში მომხდარ ინციდენტს Tesla განცხადებით ეხმაურება:

„Tesla აღმოსავლეთ ევროპაში ჯერ კიდევ არ არის წარმოდგენილი და შესაბამისად, ამ ავტომობილთათვის იქ არც კავშირი არსებობს და არც სერვისი. იმის გამო, რომ ინციდენტი ჩვენ მიერ არაკონტროლირებად ზონაში მოხდა, არ შეგვიძლია არანაირი მონაცემის მიღება. Tesla ყოველთვის აფრთხილებდა მომხმარებლებს, რომ მძღოლებმა უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე და მანქანა კონტროლზე ჰყავდეთ ავტოპილოტის რეჟიმის გამოყენებისას“.

© სან პეტროლიუმ ჯორჯია