Subaru-ში შეპარულ დათვს კარი ჩაეკეტა - მხეცმა სალონი მთლიანად გაანადგურა. რის ან ვის ხილვას არ ისურვებდით თქვენს მანქანაში? რაც არ უნდა იყოს, დათვის ნახვა ალბათ ნამდვილად არ გენდომებათ.
ერთი კონეკტიკუტელი ქალის საუბედუროდ, მის Subaru-ში სწორედ დათვი აღმოჩნდა. როგორც NBC Connecticut-ი იუწყება, ლინდა მორადი მეგობრის სახლში იმყოფებოდა, როცა დაინახა, როგორ ჩაქრა მის მანქანაში სინათლე.
შეცბუნებულმა ხელი ტელეფონს დასტაცა და ავტომობილისკენ გაეშურა. მიუხედავად იმისა, რომ ის უფრო ქურდს ელოდა, ადგილზე მისულს თვალწინ სრულიად სხვანაირი სურათი გადაეშალა.
თუმცა, მორადმა ვერ გაარკვია ზუსტად რა ხდებოდა მანქანაში და პოლიციაში დარეკა. ადგილზე მისულმა პოლიციელებმა მანქანის სალონში არც მეტი, არც ნაკლები, მოზრდილი მურა დათვი დახვდათ.
რამდენიმე ფოტოს გადაღების შემდეგ, პოლიციელებმა მანქანის კარი გააღეს და დათვს გადმოსვლის საშუალება მისცეს. სამართალდამცველებს სალონში არც თუ ისე კარგი მდგომარეობა დახვდათ.
მაგრამ მორადმა ჩათვალა, რომ სერიოზული არაფერი იქნებოდა და მანქანის დასუფთავება მომდევნო დღისთვის გადაწყვიტა. იგი ამჯერადაც შეცდა. მარტივი გაწმენდა არასაკმარისი აღმოჩნდა, რადგან დათვს სალონი თითქმის მთლიანად გაენადგურებინა. მხეცის მიერ სასტიკად დაკაწრული აღმოჩნდა „ტორპედო“, განადგურებული იყო მძღოლის სავარძელი, ზედა კონსოლი კი მძიმედ დაზიანებული.
რანაირად აღმოჩნდა დათვი მანქანაში? როგორც ჩანს, მორადს მანქანა ჩაკეტილი არ ჰქონდა, შესაბამისად, მხეცმა გააღო მძღოლის კარი და სალონში შეძვრა, სავარაუდოდ, საკვების საძებნელად. თუმცა, ამის შემდეგ კარი თავისით დაიხურა და ცხოველი მანქანაში ჩაიკეტა.
მანქანის პატრონი მშვიდად არის და დარწმუნებულია, რომ სადაზღვევო კომპანია მას ზარალს სრულად აუნაზღაურებს.