Audi A1 პრემიუმ მინი, გერმანული ავტომწარმოებლისთვის შედარებით წარმატებული აღმოჩნდა. 2010 წელს გაშვებულმა სერიამ კარგად აჯობა ამავე ფასის მქონე ისეთ კონკურენტებს, როგორებიცაა VW Polo და MINI-ს 5-კარიანი ჰეტჩბეკი.
თუმცა, მისი ჩანაცვლების დროც დადგა. ქსელში უკვე ვრცელდება გაჟონილი ფოტომასალა.
მაშ ასე, პორტალ Carscoops-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, წარმოგიდგენთ დეტალებს ახალი სუბკომპაქტური ჰეტჩბეკის შესახებ, რომელიც ბაზარზე წლის ბოლოს გამოვა.
უფრო აგრესიული სტილი, მხოლოდ 5-კარიანი ვერსია
პირველი, რაც თვალში მოგხვდებათ, ის არის, რომ ახალი A1 წინამორბედთან შედარებით გაცილებით მკვეთრი ფორმების და აგრესიული იერსახისაა. ფრონტალური ნაწილი შედგება Audi-ს სავაჭრო ნიშნის ფართო ცხაურისა და შედარებით წვრილი ფარებისგან. რაც შეეხება უკანა ნაწილს, ის Honda Jazz/Fit-ს წააგავს დაბალი ბამპერითა და LED განათების ჭრილით.
გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამინდელი სამკარიანი მოდელისგან განსხვავებით, ახალი A1 ექსკლუზიურად ხუთკარიანი სპორტბეკის ფორმის იქნება.
ინტერიერი
ამჟამინდელი მოდელის ერთი სისუსტე არაკომფორტული უკანა სავარძლებია. საბედნიეროდ, ეს ხარვეზი ახალ მოდელში გამოსწორებულია და A1-ს MQB-ის იგივე პლატფორმა ექნება, რაც Volkswagen-ის ახალ Polo-ს.
მგზავრებს შეუძლიათ ისიამოვნონ სალონის მაღალი ხარისხის მასალებითა და მახასიათებლებით, მათ შორისაა ვირტუალური მონიტორი ტორპედოზე, 4G/LTE კავშირი, Android Auto და Apple CarPlay. მძღოლის დამხმარე სისტემები წარმოდგენილი იქნება AEB-ის ფორმით (ავტომატური საგანგებო მუხრუჭი) —ქვეითის დაფიქსირების უნარით, ადაპტირებული კრუიზ-კონტროლით (ACC), პარკინგის დამხმარეთი, სიჩქარის შემზღუდავით, შეზღუდული მხედველობის მონიტორინგითა და უკანა ტრაფიკის შეტყობინებით.
ტურბო სიმძლავრე
ახალი A1 აღჭურვილი იქნება ტურბო ძრავებით. 1,5-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ბენზინის ძრავის სიმძლავრე 148 ცხენის ძალას შეადგენს.
გავრცელებული ინფორმაციით, შეჩერდა 1,6-ლიტრიანი დიზელის ვერსიაზე მუშაობა, რადგან ზოგადად, საგრძნობლად შემცირებულია დიზელზე მომუშავე მანქანების გაყიდვა. თუმცა, შესაძლოა, ვიხილოთ ბუნებრივ გაზზე ან გარკვეულწილად ელექტროძრავზე მომუშავე ვერსიები. წამყვანი თვლები წინა იქნება, შვიდი სიჩქარით, ორმაგი გადაბმულობის S tronic გადაცემათა კოლოფით. შესაძლებელია ასევე ვიხილოთ ოთხივე წამყვანი თვლის მქონე ვერსიაც.
სუბკომპაქტური ალტერნატივები
იდეაში, A1 მდიდრულ სუპერმინი სეგმენტში ჯდება. მისი პირდაპირი კონკურენტი ამჟამად არც Mercedes-Benz-ს და არც BMW-ს ჰყავს. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ისეთი სერიოზული კონკურენტი მოდელები, როგორებიცაა Citroen DS 3, Alfa Romeo MiTo, Seat Ibiza, Ford Fiesta Vignale და VW Group-ის Volkswagen Polo.
ახალი 5-კარიანი A1-ის ოფიციალური პრეზენტაცია სავარაუდოდ ოქტომბერში, პარიზის ავტოშოუზე მოხდება.