Hyundai-იმ ყველაზე პატარა ქროსოვერის ელექტროფიცირება მოახდინა

კომპანია Hyundai-იმ ყველაზე პატარა ქროსოვერ Kona-ს ელექტროვერსია წარმოადგინა. ავტომობილი ორ ვარიანტში იქნება ხელმისაწვდომი - განსხვავებული სიმძლავრის ელექტროძრავებით.

 

 

ვიზუალურად შიდაწვისძრავიანი მოდელებისგან ელექტრო Kona რადიატორის განახლებული ცხაურით, შეცვლილი წინა ბამპერით და 17 დუიმიანი დისკებით გამოირჩევა. საბაზო ვერსიაში ავტომობილი 135 ცხ.ძალის სიმძლავრის ელექტროძრავით და 39,2 კილოვატ-საათის მოცულობის აკუმულატორებით იქნება აღჭურვილი. აკუმულატორების ერთი დამუხტვით მოცემული მოდიფიკაცია 300 კმ-ს დაფარავს.

 

მეორე ვარიანტის შემთხვევაში Kona-ს ძრავას სიმძლავრე 204 ცხ.ძალა და აკუმულატორების სიმძლავრე 64 კილოვატ-საათი იქნება. რაც შეეხება სვლის მარაგს - ის 470 კმ-ს აღწევს.

 

 

ადგილიდან 100 კმ/სთ ნიშნულის მიღწევისთვის მოდელებს შესაბამისად 9,3 და 7,6 წმ დასჭირდებათ. განსხვავებული სიმძლავრის ძრავების მიუხედავად, ორივე ვარიანტს ერთნაირი მაქსიმალური სიჩქარე - 167 კმ/სთ ექნება. საყოფაცხოვრებო ელექტროქსელის გამოყენებისას, 80 %-მდე დამუხტვისთვის აკუმულატორი 54 წუთს მოანდომებს.

 

მყიდველს Kona Electric-ის სალონში ციფრული მოწყობილობათა დაფა, მულტიმედიური სისტემა შვიდ დუიმიანი ეკრანით და Apple CarPlay და Android Auto ფუნქციებით, Krell-ის ტიპის აუდიოსისტემა, სმარტფონების დატენვის უსადენო სისტემა და ადაპტირებული კრუიზ-კონტროლი დახვდება.

 

 

ახალი Kona Electric-ი კომპანია Hyundai-ის ელექტროქარების სამოდელო რიგს შეავსებს, რომელშიც უკვე ფიგურირებს ავტომობილი Ioniq EV-ი. ამ ჰეჩბექს 120 ცხ.ძალა სიმძლავრის ძრავა და 28 კილოვატ-საათის მოცულობის აკუმულატორი აქვს. 165 კმ/სთ მაქსიმალური სიჩქარისას, სვლის მარაგი 250 კმ-ს აღწევს.

© სან პეტროლიუმ ჯორჯია