Mitsubishi-ის ჰიბრიდული Outlander-ი განახლებული „გულით“

სპეციალურად ჟენევის ავტოსალონისთვის, რომელიც 8 მარტს გაიხსნება, კომპანია Mitsubishi Motors-მა განახლებული ჰიბრიდული ქროსოვერი Outlander PHEV მოამზადა. მოდელმა ახალი კომპონენტებით დაკომპლექტებული ძალური დანადგარი მიიღო.

 

 

ძველი 2 ლიტრი მოცულობის და ოტოს ციკლით მომუშავე ძრავას ნაცვლად, ქროსოვერზე შედარებით ეკონომიური და ატკინსონის ციკლით მომუშავე 2,4 ლიტრი მოცულობის ძრავა დამონტაჟეს, გაზრდილი მბრუნავი მომენტით. ამავდროულად დაახლოებით 10 %-ით გაიზარდა უკანა ელექტროძრავას სიმძლავრე (89 ცხ.ძალამდე) და 15 %-ით აკუმულატორების ტევადობა (12,8 კილოვატ-საათამდე). გაფართოვდა შასის მართვის  რეჟიმებიც, რომლესაც Sport და Snow ვარიანტები დაემატა.

 

ვიზუალურად განახლებული Outlander PHEV-ის ამოცნობა წინა შუქდიოდური ფარებით, რადიოატორის განახლებული და შეცვლილი დიზაინის ცხაურით, ნისლსაწინააღმდეგო ფარების შეცვლილი ფორმით და მასიური უკანა სპოილერით შეიძლება.

 

 

საგულისხმოა, რომ ჟენევის ავტოსალონზე Mitsubishi Motors-ი კიდევ ერთ საინტერესო მოდელს წარმოადგენს. ეს კონცეპტუალური ავტომობილი e-Evolution იქნება, რომლის პრეზენტაციაც, გაცული წლის შემოდგომაზე ტოკიოს ავტოსალონზე გაიმართა.

 

ავტომობილის შესაძლებლობების შესახებ მწირი ინფორმაცია მოიპოვება. ცნობილია, რომ მას სამი ელექტროძრავა აქვს, თუმცა მათ ჯამურ სიმძლავრეს, ისევე როგორც აკუმულატორების ტევადობას Mitsubishi-ის წარმომადგენლები არ ახმაურებენ.

 

 

სრულამძრავიან e-Evolution-ში (სისტემა S-AWC-ი) ერთი ელექტროძრავა წინა ხიდს აბრუნებს, დანარჩენი ორი კი - მბრუნავ მომენტს უკანა ხიდს გადასცემს. იაპონელებმა, რომელთა ცხოვრებაც რობოტექნიკის გარეშე წარმოუდგენელია, კონცეპტქარი ხელოვნური ინტელექტით აღჭურვეს. მიკროსენსორები და დეტექტორები მძღოლს ავტომობილის მართვაში და დაეხმარებიან და ავარიული სიტუაციის შესახებ ინფორმაციას წინასწარ შეატყობინებენ.

© სან პეტროლიუმ ჯორჯია