2020 წლის Chevrolet Corvette C8 - შუაძრავიანი სპორტული მანქანა ყველასთვის

დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, Chevrolet-მ 2020 წლის Corvette ოფიციალურად წარმოადგინა.


მოდელი, რომელსაც ავტომოყვარულები წელს ერთ-ერთი ყველაზე მეტად ელოდებოდნენ, 2020 წლის C8, არის პირველი Corvette შუაში განთავსებული ძრავით.

 


მოდელი ზუსტად ჰგავს იმას, რასაც ელოდებოდნენ. აქვს აგრესიული წინა ბამპერი, ფართო ჰაერშემშვები, მის ქვეშ განთავსებულია პატარა სპოილერი, ზემოთ კი მოხდენილი კაპოტი და წვრილი ფარები.


სპორტული სტილი უკანა მიმართულებითაც გრძელდება. შემაჩნევთ მახვილ საქარე მინას, აეროდინამიკურ გვერდით გარსშემომდენებს და „გამოქანდაკებულ“ ძარას, რომელიც ჰაერს ორ გვერდითა მასიურ ჰაერმიმღებად ყოფს. სხვა თვალშისაცემ მახასიათებლებს შორის არის ღონიერი უკანა ფრთები და გამორჩეული სახურავი.

 


კიდევ უფრო უკან ნახავთ ძრავის ვენტილირებად საფარს მინის ფანჯრით, რომელშიც ახალი V8 ძრავა მოჩანს. ფანჯრის მაღლა განთავსებულია კამერა, რომელიც ვიდეოს სალონში გზავნის.


უკანა ნაწილში თვალში მოგხვდებათ ვენტილირებადი უკანა ბამპერი და მოდური გაბარიტული ფარები კუთხური აქცენტით. სხვა მახასიათებლებს შორის არის კომპაქტური სპოილერი, მინიმალისტური დიფუზორი და ოთხმილიანი სპორტული გამოსაბოლქვი სისტემა.

 


მიუხედავად ყველა ცვლილებისა, ინჟინრებმა მაინც შეინარჩნეს Corvette-ის გადასახსნელი სახურავი. მას თანა ახლავს ახალი წინა საბარგული, რომელშიც კარგად მოთავსდება თვითმფრინავზე გათვლილი ლეპტოპის ჩანთა.


გამომდინარე იქიდან, რომ Corvette მიწისპირიდან ძალიან ცოტათია დაშორებული, მოდელი აღიჭურვა წინა საკიდარის აწევის სისტემით. წინა ნაწილის სიმაღლეს ის 2,8 წამში ზრდის 40 მილიმეტრით. საინტერესოა, რომ ეს სისტემა ავტომატურად აქტიურდება მანქანის GPS კოორდინატებით.

 

ინტერიერი


მძღოლი ზის კვადრატული დიზაინის ორსხივიან საჭესთან, რომლის წყალობითაც დაუბრკოლებლად ხედავთ 12-ინჩიან საზომ ხელსაწყოთა ბლოკს. საჭეს ასევე აქვს სპეციალური Z ღილაკი, რომლის საშუალებითაც მძღოლს მართვის პარამეტრების მორგება შეუძლია.

 


საჭიდან მარჯვნივ არის გამოსაყენებლად ადვილი და სწრაფი, გაუმჯობესებული საინფორმაციო სისტემა. Chevrolet-ს ეკრანის ზომა არ დაუკონკრეტებია, მაგრამ ჩანს, რომ დისპლეის საკმაოდ მაღალი რეზოლუცია აქვს.

 


სხვა მახასიათებლებს შორის არის ნახშირბადის ბოჭკოსა და ალუმინის ტრიმები, ხმის ამომცნობი ტექნოლოგია და სმარტფონის უკაბელო დამტენი. ტელეფონების დაკავშირებისთვის Corvette იყენებს NFC ტექნოლოგიას.

 

ახალი ძრავა ახალ ადგილას


ენერგიას გამოიმუშავებს შუაში განთავსებული 6.2-ლიტრიანი LT2 V8 ძრავა, რომელსაც 490 ცხენის ძალა აქვს.

 


აღსანიშნავია, რომ 2020 Corvette-ს აღარ ექნება მექანიკური გადაცემათა კოლოფის ვერსია. სანაცვლოდ, მოდელს ექნება რვასიჩქარიანი ორმაგი გადაბმულობის ავტომატური ტრანსმისია, რომელიც ენერგიას უკანა თვლებს აწვდის.


Chevrolet-ს არ დაუკონკრეტებია, მაგრამ სავარაუდოდ, 100 კმ/სთ სიჩქარეს მოდელი სამ წამზე ნაკლებ დროში განავითარებს.

© სან პეტროლიუმ ჯორჯია