მომავალ წელს Lotus-ის კიდევ ერთი ახალი სპორტული მანქანა გამოჩნდება

Lotus-მა ახალი, შთამბეჭდავი Evija წარმოადგინა, რასაც ფანებში უმალ მოჰყვა კითხვები — სად არის უკვე ხანდაზმული Elise-ის, Exige-ისა და Evora-ს ჩამნაცვლებლები?


ამ კითხვებზე პასუხი Lotus-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ფილ პოპჰემმა გამოცემა Autocar-თან კომპანიის მომავალზე საუბრისას გასცა.

 


მიუხედავად იმისა, რომ ახალი Evija-ს ფასი 2,1$ მილიონია, პოპჰემი ადასტურებს, რომ კომპანიის საკვანძო მოდელების ფასი 62 000$-ის დიაპაზონში იქნება. ზოგიერთი მათგანის ღირებულება 124 000 დოლარამდეც მიაღწევს.


მას შემდეგ, რაც დასრულდება Evija-ს 130-ვე ეგზემპლარის აწყობა, კომპანია ფოკუსირებას თავის საკვანძო ხაზზე მოახდენს. პოპჰემი დეტალების დაკონკრეტებისგან თავს იკავებს, მაგრამ ადასტურებს, რომ მომავალი წლის ბოლოს გამოვა შიგაწვის ძრავიანი ახალი სპორტული მანქანა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მისი გაყიდვა 2021 წელს დაიწყება.


მომავალ მოდელს ექნება ბენზინის ძრავა, მაგრამ როგორც პოპჰემი აღნიშნავს, უკვე ამის შემდგომ მანქანას ელექტრო ძალური გადაცემის სისტემა ექნება. მისი თქმით, კომპანია შესაძლოა, ჰიბრიდებს საერთოდ გადაახტეს.

 


მომავალი სპორტული მანქანის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი, მაგრამ სავარაუდოდ, ის Evija-ს მსგავსი იქნება, რადგან როგორც კომპანია აცხადებს, ამ მანქანას დიზაინის თანამედროვე ენა ექნება.

 

ავტომწარმოებლის განცხადებით, ეს დიზაინი თანდათან დაიხვეწება და გამოჩნდება მაღალი კლასის სამომავლო ავტომობილებში.


Lotus-ის მანქანები იშვიათი სანახავია, მაგრამ შესაძლოა, მომავალში ეს მიდგომა შეიცვალოს. პოპჰემის თქმით, კომპანიამ შარშან 1700 ავტომობილი გაყიდა, მაგრამ ქარხანას დამატებით 5 000 მოდელის წარმოება შეუძლია. მისივე განცხადებით, Lotus-ი გეგმავს, მანქანების წარმოება წელიწადში 10 000 ერთეულამდე გაზარდოს.

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია